“პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი, ირმა ინაშვილი ოზურგეთის მოსახლეობას შეხვდა. ინაშვილის თქმით, „პატრიოტთა ალიანსი“ პარლამენტს „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დანაშაულებრივ რეჟიმად გამოცხადებას და ყველა რეზონანსული საქმის დამნაშავე პირების დასჯას სთხოვს.
“პირველ რიგში, აუცილებელია, პარლამენტმა „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობა დანაშაულებრივ რეჟიმად გამოაცხადოს და რეზონანსული საქმეში დამნაშავე პირები სათანადოდ დაისაჯონ. ამ მიზნით პატრიოტთა ალიანსმა რეზოლუციის პროექტი შეიმუშავა, რომელიც იურიდიულ კომისიას უკვე წარედგინა“, _ თქვა ირმა ინაშვილმა.
ირმა ინაშვილმა ოზურგეთელებს რეზოლუციის პროექტი გააცნო.
“გურია ნიუსი“ დაინტერესდა, როდის წარადგენს “პატრიოტთა ალიანსი“ საპრეზიდენტო კანდიდატს და აპირებს თუ არა რომელიმე პოლიტიკურ პარტიასთან კოალიციაში გაერთიანებას საპრეზიდენტო არჩევნებზე.
“მე და დავით თარხან-მოურავი ნამდვილად არ ვიქნებით საპრეზიდენტო კანდიდატები, მაგრამ გვყავს სხვა ღირსეული წევრები. კონსულტაციებს გავდივართ და ივლისის ბოლოს საზოგადოებისთვის ყველა დეტალი ცნობილი იქნება. ალიანსში კი არცერთ პარტიასთან არ ვაპირებთ შესვლას, _ გვითხრა ირმა ინაშვილმა.