საზღვაო სეზონი 1 თვეა, რაც დაიწყო და ჰაერის ტემპერატურის მატებასთან ერთად ზღვაზე თუ სხვა ადგილებში, სადაც წყალია, დასვენების, გაგრილების თუ რუჯის მიღების მიზნით, ადამიანების რაოდენობა მატულობს.
როგორც „გურია ნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის პრესსამსახურში განუცხადეს, 1 თვის განმავლობაში წყალში 26 ადამიანი დაიღუპა, 60-ის გადარჩენა კი მაშველებმა შეძლეს.
„1 ივნისიდან 1 ივლისამდე წყალში 26 ადამიანია დაღუპული, 60 ადამიანი კი მაშველებმა გადაარჩინეს. 26 დაღუპულიდან 5 ადამიანი ზღვაზე, 15 მდინარეზე, 6 კი ტბაზე დაიღუპა. მაშველებმა ზღვაზე 41 ადამიანი გადაარჩინეს, რაც შეეხება ზღვაზე დაღუპულ 5 ადამიანს, 3 ნასვამ მდგომარეობაში იყო“, _ამბობენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.