იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი შვებულებიდან დაბრუნდა. წულუკიანი, რომლის გადადგომას არასამთავრობოებისა და საზოგადოების ნაწილი ითხოვს, ,,გურია ნიუსის“ ინფორმაციით, ახალ სამთავრობო გუნდში მოხვდება. დღეს ,,ქართული ოცნების“ დეპუტატებმა წულუკიანს კიდევ ერთხელ გამოუცხადეს მხარდაჭერა და განაცხადეს, რომ ის სამთავრობო გუნდში ერთ-ერთი წარმატებული მინისტრია.
როგორც ცნობილია, წულუკიანის ხელისუფლებაში დარჩენას არასამთავრობოებისა და საზოგადოების ნაწილი ეწინააღმდეგება, რაც მართლმსაჯულების სისტემაში არსებული ხარვეზებით არის განპირობებული. პროტესტის მიუხედავად, საპარლამენტო ოპოზიციაში ფიქრობენ, რომ მინისტრი თანამდებობას შეინარჩუნებს.
იუსტიციის მინისტრის დარჩენას ეწინააღმდეგება პოლიტიკის ექსპერტი, გია ხუხაშვილი. მისი თქმით, იუსტიციის მინისტრის დარჩენა, პირველ რიგში, პრობლემას პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახაძეს შეუქმნის.
,,წულუკიანის დარჩენა, პირველ რიგში, პრობლემატურია ბახტაძისთვის, რადგან ეს იქნება მისთვის ძალიან მძიმედ სატარებელი ტვირთი. როდესაც ჩნდება რაღაც მოლოდინები სერიოზული ცვლილებების და კომპრომიტირებული ადამიანები რჩებიან, ეს იმედგაცრუების ტალღას იწვევს და აღარ გაძლევს საშუალებას, რომ რეალური რეფორმები გაატარო.
რა დგას ამის უკან, ეს მეორე საკითხია. მაინც ვფიქრობ, რომ დეპუტატებმა კარგად უნდა გაიაზრონ რამხელა პრობლემა შეიძლება შექმნას წულუკიანის დარჩენამ.
წულუკიანის დატოვება გრძელვადიან პოლიტიკურ პროცესში სერიოზულ პრობლემად იქცევა ხელისუფლებისთვის“, _ გვითხრა ხუხაშვილმა.
დღეს ცნობილი გახდა, რომ პრემიერ-მინისტრი მთავრობის განახლებულ შემადგენლობას 11 ივლისს წარადგენს, აღნიშნულის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა. დარჩება თუ არა იუსტიციის მინისტრი ახალ სამთავრობო გუნდში 11 ივლისს გახდება ცნობილი.
შეგახსენებთ, რომ მთავრობის სტრუქტურული რეორგანიზაციის შედეგად, მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობაში ათი სამინისტრო და ერთი სახელმწიფო მინისტრის აპარატი იფუნქციონირებს.