მთავარი პროკურორის შერჩევის პროცესი არასამართლიან პირობებში მიმდინარეობს_ თვლის ოპოზიციის ნაწილი, რომლებიც აცხადებენ, რომ სისტემა, რომლითაც მთავარი პროკურორი აირჩევა უნდა შეიცვალოს.
დღეს ,,ევროპული საქართველოს“ მიერ წარდგენილმა კანდიდატმა, შალვა შავგულიძემ კანდიდატურა პროტესტის ნიშნად მოხსნა.
მმართველ გუნდში ოპოზიციის კრიტიკას უპასუხეს.
,,ქართული ოცნებიდან“ ზაქარია ქუცნაშვილი ,,გურია ნიუსთან“ აცხადებს, რომ სისტემა, რომელიც 25 წლის განმავლობაში მოქმედებდა, მმართველმა გუნდმა შეცვალა და ახლა შედარებით გამჭვირვალე და მოქნილია.
ამასთან, ქუცნაშვილი მთავარი პროკურორობის ერთ-ერთ კანდიდატს, ,,ქართული ოცნების“ ფავორიტს, შალვა თადუმაძეს ახასიათებს.
,,შალვას ვაფასებ მხოლოდ დადებითად, ვიცნობ მიმუშავია მასთან და აქედან გამომდინარე შემიძლია შევაფასო, როგორც კარგი იურისტი და ძლიერი პიროვნება.
ჩვენ შევცვალეთ ის სისტემა, რაც არსებობდა მთელი 25 წელიწადი და შემოვიღეთ ის სისტემა, როცა ლამის ყველა არის ჩართული ამ პროცესში, რა თქმა უნდა, მეტ-ნაკლები მონაწილეობით“,_ გვითხრა ქუცნაშვილმა.
როგორც ცნობილია, მთავარი პროკურორის პოსტს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი, შალვა თადუმაძე გადაიბარებს. ის ,,ქართული ოცნების“ რჩეული და ბიძინა ივანიშვილის კადრია.
ამჟამად თანამდებობისთვის ბრძოლას ორი კანდიდატი განაგრძობს.
შალვა თადუმაძე და ნინო გოგნიაშვილი, რომელთა კანდუდატურები ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა წარადგინა.
დღეს საპროკურორო საბჭო მთავარი პროკურორის ერთ კანდიდატს შეარჩევს და მხარდასაჭერად მთავრობას გადაუგზავნის. ამის შემდეგ კანდიდატი დასამტკიცებლად პარლამენტს გადაეგზავნება.