საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელად კახა კახიშვილი ინიშნება.
“კახა კახიშვილი შეიძლება გადაუჭარბებლად ითქვას, რომ ჩვენი მინისტრთა კაბინეტის ყველაზე წარმატებული მინისტრი გახლდათ. ადამიანი, რომელმაც მნიშვნელოვანი და ფუნდამენტური რეფორმები გაატარა, ერთ-ერთ ყველაზე რთულ მიმართულებაში, მაგრამ წარმატება და წარმატებული რეფორმები ერთ სექტორში არ არის საკმარისი. ჩვენ გვსურს წარმატებული და ფუნდამენტური რეფორმების გატარება ყველა მიმართულებით“, _ განაცხადა პრემიერმა მამუკა ბახტაძემ კახიშვილის წარდგინებისას.
მისივე თქმით, სწორედ აქედან გამომდინარე მთავრობის ადმინისტრაციას ძალიან მნიშვნელოვანი როლი ენიჭება რეფორმების კოორდინაციის საქმეში.
„კახა კახიშვილი დაიკავებს სწორედ მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ადგილს და ის ჩემთან ერთად ამ პოზიციიდან შეძლებს, რომ კოორდინაცია გაუწიოს ყველა რეფორმის დროულ დანერგვას, რომელიც არის ჩვენი მხრიდან დაანონსებული“, _ განაცხადა პრემიერმა.
მამუკა ბახტაძის მთავრობის მიერ დაანონსებული ყველა რეფორმა 2018-2019 წლებში დაინერგება:
„მინდა ყველას კიდევ ერთხელ შეგახსენოთ, რომ ჩვენ მიერ წარმოდგენილი პროგრამის მიხედვით, ყველა რეფორმა დაინერგება 2018-2019 წლებში. რა თქმა უნდა, განათლების რეფორმა არის განსაკუთრებული შემთხვევა, ის არის გრძელვადიანი, მაგრამ ყველა სხვა რეფორმა, რომელიც არის ინიცირებული და ამავე დროს, ახალ რეფორმებს გავაჟღერებთ შემოდგომაზე, თითოეული მათგანი დაინერგება 2018-2019 წლებში.
შესაბამისად, ამ რეფორმების კოორდინაციას და მის დანერგვას სჭირდება სისტემური მენეჯმენტი, ეფექტური სამთავრობო რგოლები, ეფექტური კადრებით დაკომპლექტებული. აქედან გამომდინარე, მთავრობის ადმინისტრაციას აქვს განსაკუთრებული ფუნქცია და დარწმუნებული ვარ, კახა კახიშვილი ამ ფუნქციას ღირსეულად შეასრულებს“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ.
კახა კახიშვილი 2015 წლიდან სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის თანამდებობას იკავებდა. აღნიშნული უწყება, ახლა სტრუქტურული ცვლილებების ფარგლებში, იუსტიციის სამინისტროს შეუერთდა.