Check-in Georgia-ს ფარგლებში, საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ორგანიზებით, 21 ივლისს, 18 საათზე ანსამბლი “შავნაბადა” ლანჩხუთის კულტურის ცენტრში სოლო კონცერტს გამართავს.
ანსამბლი ”შავნაბადა”, რომელსაც ლანჩხუთელი დავით ცინცაძე ხელმძღვანელობს, 2005 წელს ჩამოყალიბდა. ანსამბლის წევრები ვაჟთა ფოლკლორულ ანსამბლ ”მართვესა” და ”ბიჭების” აღზრდილები არიან. ანსამბლის რეპერტუარი მოიცავს, როგორც ფოლკლორულ სასიმღერო ნუმუშებს, ასევე, საეკლესიო გალობასა და ქართულ ინსტრუმენტულ მუსიკას. „შავნაბადას“ წევრები თბილისის ყოვლაწმიდა სამების საკათედრო ტაძარში გალობენ. ისინი ტაძრის საპატრიარქო გუნდის შემადგენლობაში შედიან და მონაწილეობენ კათოლიკოს-პატრიარქის მიერ შესრულებულ ყველა ღვთისმსახურებასა და მომლოცველთა მოგზაურობაში, როგორც საქართველოში, ისე მის საზღვრებს გარეთ. ანსამბლს გამოცემული აქვდ 9 აუდიო და 1 ვიდეო ალბომი.
ცნობისთვის, Check-in Georgia-ს ფარგლებში, მიმდინარე ფესტივალში ,,ბაღია ჩვენი ქვეყანა” ექვსი თბილისური ანსამბლი: „ადილეი“, „ანჩისხატი“, „დიდგორი“, „იალონი“, „ნანინა“, „შავნაბადა“ იღებს მონაწილეობას და საქართველოს 30 მუნიციპალიტეტში ხუთ-ხუთ კონცერტს გამართავს.
ფესტივალზე თბილისურ ანსამბლებთან ერთად კონცერტებში მონაწილეობენ ადგილობრივი სალოტბარო სკოლის მოსწავლეები.
კონცერტებზე დასწრება თავისუფალია.