„საქნახშირის“ გენერალურმა დირექტორმა მეშახტეთა მოთხოვნით თანამდებობიდან გაათავისუფლა დირექტორის მოადგილე გია ქარქაშაძე, წარმოების დირექტორი აკაკი ახვლედიანი და მთავარი ინჟინერი გიზო კირკიტაძე. ამის შესახებ ინფორმაცია imedinews-ს კომპანიაში დაუდასტურეს.
თავად გენერალური დირექტორი, ჯამბულ ჯაყელი თანამდებობას მას შემდეგ დატოვებს, რაც კომპანიაში ტექნიკური სამუშაოები და კვლევა დასრულდება.
მეშახტეები თავის მხრივ მოითხოვენ, რომ საქნახშირის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი პირების შერჩევის პროცესში მონაწილეობის უფლება მისცენ. მათ ტყიბულში საპროტესტო აქცია დღეს დილით დაიწყეს.
22 ივლისს მინდელის შახტში დაღუპული მეოთხე მეშახტე დაკრძალეს. მანამდე, 21 ივლისს ტყიბულში დაღუპული 3 მეშახტე დაკრძალეს.
ტყიბულის შახტში ტრაგედია 16 ივლისს, დილით მოხდა. დაიღუპა 4 მუშა, 6 კი დაშავდა.
სახელმწიფომ შახტის დახურვის გადაწყვეტილება ტრაგიკული შემთხვევის შემდეგ მიიღო. გამოძიების დასრულებამდე ტყიბულში არსებული ყველა შახტი დაილუქება.
გამოძიების პირველადი ინფორმაციით, შახტის ერთ-ერთ გვირაბში, სავარაუდოდ, მეთანის აფეთქების შედეგად კედლების დეფორმაციას ჭერის ჩამოშლა მოჰყვა. მომხდარის მიზეზების კვლევაში უცხოელი ექსპერტებიც ჩაერთვებიან.
ამავე შახტში 5 აპრილს 6 მუშა დაიღუპა.
წყარო: იმედინიუსი