,,ქართულ ოცნებაში“ საპრეზიდენტო კანდიდატთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობაა. აღნიშნულის შესახებ დღეს პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა.
,,გურია ნიუსის“ ინფორმაციით, ერთ-ერთი კანდიდატი, რომელზეც გუნდში ინტენსიური მსჯელობა მიმდინარეობს ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილია.
საპრეზიდენტო კანდიდატთან დაკავშირებით კონსულტაციები უმრავლესობისა და პოლიტსაბჭოს ფორმატში, ჯერჯერობით, არ გამართულა, თუმცა, მმართველი გუნდის წარმომადგენლები ,,გურია ნიუსთან“ ღიად აცხადებენ, რომ ბიძინა ივანიშვილი ,,ქართული ოცნებისთვის“ ნომერი პირველი საპრეზიდენტო კანდიდატია.
ჩვენი ინფორმაციით, ამ ეტაპზე კონსულტაციები მიმდინარეობს ბიძინა ივანიშვილთან, თუმცა, ჯერჯერობით, უცნობია, შეძლებს თუ არა მმართველი გუნდი ივანიშვილის დაყოლიებას.
,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს წევრი, ილია ნაკაშიძე ,,გურია ნიუსთან“ საუბრისას აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილი ,,ქართული ოცნებისთვის“ უალტერნატივო საპრეზიდენტო კანდიდატია.
,,ბიძინა ივანიშვილი უალტერნატივო კანდიდატურა იქნებოდა. სალომე ზურაბიშვილი ნამდვილად ღირსეული კანდიდატურა არის, მაგრამ ის არ არის ჩვენი გუნდის წევრი. ბიძინა ივანიშვილის დასახელების შანსი იმდენად მაღალია, რამდენადაც ჩვენ სურვილი გვაქვს. რა თქმა უნდა, ,,ქართულ ოცნებაში“ ბატონი ბიძინა იქნება ნომერ პირველი კანდიდატი. სხვა საქმე არის თვითონ თუ დათანხმდება. იმ მომენტში, როცა ჩვენს პარტიას უჭირდა, ბატონი ბიძინა დაბრუნდა და, რა თქმა უნდა, სურვილი არის, რომ ბატონი ბიძინა იყოს ჩვენი საპრეზიდენტო კანდიდატი, თუმცა, ამ თემაზე მასთან არავითარი საუბარი არ ყოფილა”, _ გვითხრა ნაკაშიძემ.
მმართველ გუნდში საპრეზიდენტო კანდიდატად სალომე ზურაბიშვილიც განიხილებოდა, თუმცა, დღეს თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, რომ ,,ქართული ოცნება“ ზაურაბიშვილის დასახელებას არ გეგმას. ასევე, ჩვენი ინფორმაციით, მმართველი გუნდი კახა კალაძის კანდიდატურასაც განიხილავს. საპრეზიდენტო კანდიდატთან დაკავშირებით, ოფიციალური ინფორმაცია თვის ბოლო კვირაში გახდება ცნობილი.