დღევანდელ წერილში სახალისო საფეხბურთო ისტორიებს წარმოგიდგენთ. თავდაპირველად სიტყვა ერთადერთ ქართველ ოლიმპიურ ჩემპიონს გელა კეტაშვილს გადავცეთ..
„დნეპროპეტროვსკში ვთამაშობთ გასვლაზე ადგილობრივ ,,დნეპრთან”. პირველ ტაიმში ყვითელი ბარათი მივიღე. მეორე ტაიმი რომ დაიწყო, პროტასოვი გადის ერთი ერთზე ოთარ გაბელიასთან. ყვირის ოთარი, – რამე მოუხერხეთ მაგ კაცსო. მეც ვარდნაში ვცადე ბურთის ართმევა, თუმცა, სუფთად ვერ გავაკეთე ილეთი და მსაჯმა დაუსტვინა. მერე გამოექანა ჩემკენ და მოემზადა წითელი ბარათის ამოსაღებად.
გაბელია იმწამსვე გაერკვია სიტუაციაში, გამოიქცა ჩემკენ და ალიყური მითავაზა. კარგა გვარიანად მწარე სილა გამოდგა. გავშტერდი, გაკვირვებული ვიყავი, ვერ გავიგე რაში იყო საქმე.
ბოლოს გაბელია მიუტრიალდა მსაჯს და უთხრა: პატივცემულო მსაჯო, მე უკვე დავსაჯე და თქვენ ნუღა შეწუხდებითო. ასე გადავრჩი გაგდებას”.
ჩვენი შემდეგი სტუმარი მოქანდაკე გიორგი შხვაცაბაია იქნება.
„წინა საუკუნის 60-იანი წლებია. მოსკოვში ჩვენი „დინამო” ადგილობრივ თანაკლუბელებს ხვდებოდა „ლუჟნიკის” სტადიონზე.
იმ დღეს ჩვენმა ბიჭებმა რუს კოლეგებს მართლაც ქარიშხალი დაატეხეს. გამუდმებით უტევენ მათ კარს, მაგრამ… გოლი არ გადის. მე, როგორც ყოველთვის თან ვახლდი, მშვენიერ ადგილზე მოკალათებული. არც აპლოდისმენტებს ვაკლებ, არც შეძახილს, მაგრამ არა და არ გადის გოლი.
როგორც ხშირად ხდება – ერთი გუნდი გამუდმებით უტევს, „ფორტუნა” კი დაჩაგრულის მხარეზეა.
აი, ერთი მოსკოველი გაუსხლტა ჩვენს დაცვას და უხერხული კუთხიდან დაარტყა. სერგო კოტრიკაძის ელვისებური ნახტომი „უშედეგოა”, – ბურთი ჩვენი კარის ბადეში აფართხალდა. გადაირივნენ რუსი ფანები. აგუგუნდა გახარებული სტადიონი. ჩვენ ენა ჩაგვივარდა, გამწარებული სერგო მსაჯს მიეჭრა – რაღაცას უმტკიცებს. ის კი ცენტრიდან თამაშის დაწყებას მიანიშნებს.
ნურავინ იტყვის, რომ ვაჟკაცობა თამაშში „ყურით მოთრეული უაზრობაა”, თვითონ ის მოსკოველი „გოლის გამტანი” მივიდა მსაჯთან და რაღაც უთხრა. გაწბილებული მსაჯიც ჩვენი კარებისკენ გამოვარდა და ბურთი თავისი ხელით „გაჩითა”. გარედან გახვეულიყო ბადეში. რაინდი ფეხბურთელი რაინდია, და არა მარტო ჩვენთან…“
წინა საუკუნის 70-იანი წლების დასაწყისში თბილისის „დინამო“ იმდროინდელ დასავლეთ გერმანიაში იმყოფებოდა და ერთ საინტერესო „არასაფეხბურთო“ ღონისძიებას დაესწრო. ამ „შემთხვევას“ ბატონი მანუჩარ მაჩაიძე გაიხსენებს.
„დასავლეთ გერმანიაში ვართ. ჩვენი თაობა “ბითლსების” უკვდავი ხელოვნების ტრფიალი გახლდათ და მოგვეცა ბედნიერება ლეგენდარული მუსიკოსი პოლ მაკარტნის სოლო კონცერტს დავსწრებოდით.
გულახდილად უნდა აღვნიშნო ჩვენი პირველი გაკვირვება-გაოცება. ბატონი პოლი ესტრადის სცენაზე ჩვენთვის უჩვეულო ჩაცმულობით მოგვევლინა: თეთრი, უთეთრესი კოსტიუმი (პიჯაკი) პირდაპირ შიშველ ტანზე ეცვა. ეს არაფერი. ყველაზე მეტად ის გაგვიკვირდა, რომ ამ პიჯაკის შიგნით შიშველ მკერდს შავი ჰალსტუხი “აკომლექტებდა”.
ხალხის ტევა არაა. მიღებულია ყველა ზომა, რომ უსიამოვნო ინცინდენტი არ მოხდეს. პოლიციის განუსაზღვრელი რაოდენობა, ძაღლები… მოკლედ საოცრებაში ვართ. ზღაპარში.
დაიწყო კონცერტი და გადაირია მაყურებელი. აპარატურა უზარმაზარ ხმაზეა დაყენებული. ყურები თუ არ დაგვისკდება – კარგია. აიზილა ყველაფერი ერთმანეთში.
ექვს ნომერს კი ვაჟკაცურად გავუძელით, მეშვიდეზე ვიგრძენით, რომ კიდევ ცოტა და სმენას დავკარგავთ. ზოგმა (ყვირილით) – უხერხულია ბიჭებო, მოგვეჭრება თავი თბილისში, პოლ მაკარტნის კონცერტი მიატოვესო, მაგრამ უმრავლესობამ თავისი გაიტანა და სულ ჯიკავ-ჯიკავით გამოვაგდეთ ერთმანეთი ამ კაკაფონიიდან.
დავრიგდით ნომრებში. ჩავრთეთ საღამოს ტელევიზორი და იქაური “ახალი ამბები” გვამცნობს, რომ ჩვენი გამოსვლა და იქ ჩხუბი ამტყდარააა! ვუყურებთ ტელევიზორის ეკრანზე, როგორი წივილ-წივილით დგანან რიგში სასწრაფოს მანქანები და გაჰყავთ ხელ-ფეხმოტეხილი, დამტვრეული, ნაცემი და ნაწამები მაყურებელ-ფანები.
მაშინ კი ვირწმუნეთ, რა ჭკვიანურად მოვიქეცით დროზე რომ დავტოვეთ იქაურობა…“