სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტულ ცენტრში მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს მოქალაქე მალხაზ ტ.-ს მიმართ ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებისა და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების ფაქტზე (საქართველოს სსკ-ის 328-ე მუხლით), _ ინფორმაცია “გურია ნიუსს” საქართველოს უსაფრთხოების სამსახურიდან მიაწოდეს.
უწყების ცნობით, გამოძიების ფარგლებში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის თანამშრომლებმა, სასამართლო განჩინების საფუძველზე ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, ბრალდებული საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე დააკავეს (საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით).
„მალხაზ ტ-ს საცხოვრებელი სახლის და სამსახურის ჩხრეკისას ამოღებულია ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობები, ასევე “ისლამური სახელმწიფოს” სიმბოლიკიანი დროშები და სხვადასხვა ატრიბუტიკა.
დამატებითი მტკიცებულებების მოპოვების მიზნით საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება”, _ ნათქვამია სუსის მიერ მოწოდებულ განცხადებაში.