ბატონი ზვიად ძიძიგური საქართველოში აზვირთული ეროვნული მოძრაობის პერიოდს ხშირად იხსენებს. ერთხელ მომავალი პარლამენტარი უჩვეულო შემთხვევის მოწმე გახდა.
„1989 წელია და მწერალთა კავშირის სახლში შეიკრიბა მთელი დისიდენტური სამყარო. მიდის აქტიური მსჯელობა, კამათი – ხვალ რა იქნება, ზეგ რა იქნება, ეროვნული მოძრაობა რა გზით უნდა წავიდეს და უცებ დარბაზში ვიღაც თმაგაბურძგნული კაცი შემოვარდა, ხელში 20-ლიტრიანი კანისტრა უჭირავს.
– რა ხდება? – შეცბა ზვიად გამსახურდია.
– ვიღუპებით, ბატონო ზვიად, – ამოიგმინა, – აზერბაიჯანელებს მიწისქვეშა გვირაბი გამოჰყავთ, თბილისი უნდა ააფეთქონ.
– რანაირად, კაცო?
– იმ გვირაბშaი რელსებს აგებენ და ასაფეთქებელი ნივთიერებით დატვირთული მატარებელი უნდა გამოუშვან. თუ სასწრაფოდ ავლაბრის მეტროსთან ხალხს არ მოაგროვებთ და არ გვიხსნით, აგერ, მოტანილ ბენზინს გადავისხამ და თავს დავიწვავ.
ყველა მივხვდით, არ იყო თავის ჭკუაზე, მაგრამ მართლა რომ თავი დაიწვას, სად მიდიხარ მერე? მოკლედ, გაუჩნდა საფიქრალი გამსახურდიას და ბოლოს სერიოზული სახით ეკითხება:
– ნუ გეშინია, მე მაგათ ვაჩვენებ სეირს! მარტო ეს მითხარი, ის რელსები განიერია თუ ვიწრო?
– რა მნიშვნელობა აქვს? – დაბნეული მიაჩერდა.
– ოჰ, ძალიან დიდი. შენ წადი, ეგ ამბავი გამირკვიე და მე ხალხის შეგროვებას დავიწყებ.
– აგაშენათ ღმერთმა! – გაუბრწყინდა თვალები, – ამ ბენზინს წავიღებ და მაშინისტს გადავასხამ, თქვენ სპიჩკა წამოიღეთ, ყიდვა დამავიწყდა“.