საქართველოს დამოუკიდებლობასთან დაკავშირებული რეპრესიების თემა, ყოველდღიურად ახალ, მეტად მძიმე, მაგრამ მეტად საინტერესო ამბებს გვაწვდის.
არადა, რა თავდადებით ცდილობდა წითელი რეჟიმი სისხლიანი ნაკვალევის წაშლას. მაგრამ, თურმე, განწირულ მსხვერპლთა ბედისწერაც ახერხებდა, მიუდგომელ ადგილებში გადაემალა და ვიღაცის ხსოვნაში მაინც შეენახა, თუნდაც ძალიან პატარა, დღეისთვის ძალიან დიდი და ღირებული ამბები ჩვენი ავბედობისა.
ამქვეყნიური ცხოვრება ყველა ადამიანს რაღაც განსაკუთრებულს უსახსოვრებს _ ავს ან კარგს. ახლაღა ვხვდები, რომ შეუფასებელი საჩუქარი მიბოძა არსთაგამრიგემ მაშინ, როცა სურებში, იმ ადგილას მშვა და გამზარდა, სადაც დიდი მამულიშვილის, ნოე რამიშვილის და _ მართა ცხოვრობდა მეუღლესთან _ ნესტორ ბერიშვილთან და თორმეტ შვილთან ერთად.
ამას წინათ, მძიმე წარსულზე საუბრისას, ჟურნალისტმა მკითხა, როგორი აზრის იყო ხალხი მაშინდელ სისასტიკეზე? ვერ მოვუყარე მაშინ თავი სათქმელს. ვერაფერი ამოვარჩიე უბედურების ოკეანედან. ახლაც, მრავალთაგან ერთ ეპიზოდს მოგიყვებით სურების ხეობის გაუგონარი ტრაგედიიდან.
ჩემს გონებაში (და სამწუხაროდ, არა ქაღალდზე) დაწერილ წიგნებში, ასეთ ამბებს “წითელი შიში” დავარქვი, რომლის უკან მდგარ ყველა ოდასახლსა თუ ისლით დახურულ მიწურებში, აუცილებლად ეკიდა სტალინის სურათი.
ჩემს თაობას წითლებმა ღმერთი დაბადებამდე წაართვეს, მაგრამ თუ ვინმე ამ სიტყვას მაინც ახსენებდა, ჩვენ ღმერთი სტალინი გვეგონა! სკოლის სიმღერის გუნდი, გამოსვლას თუ რიგით მეცადინეობას, ბელადზე სიმღერით იწყებდა. საღამოს კი, კოლექტივის გუნდის რეპერტუარიც ასეთი იყო.
მღეროდნენ თავდადებით სწორედ ბელადისგან ცივი ჭადის ნატეხს დანატრებული ადამიანები. ერთ დღეს, დირექტორმა გაქვავებული სახით ჩამოიარა საკლასო ოთახები და ბავშვები ეზოში გამოგვიყვანა, დაირეკა სკოლის ზარი და აღარ დამთავრდა რეკვა. უკლებლივ მთელი სოფელი ფეხზე იდგა სკოლის ეზოში.
დუქნიდან შავი სატინა მოიტანეს, დროშებს სასწრაფოდ გადააკრეს შავი არშიები. სიტყვის დამთავრება ვერც საბჭოს თავმჯდომარემ შეძლო და ვერც დირექტორმა. ნოქარი პელო ყოჩაღი გამოდგა, შენ არ ხარ მკვდარი, შენს გზას არ გადავალთო… და გული წაუვიდა. მერე სცენაზე ანგი მასწავლებელი ავიდა და დაიწყეს _ “სტალინ, სტალინ, ხალხთა მამა…” და ატირდა მასწავლებელი, ბავშვები ასლუკუნდნენ.
ასე იყო _ ტიროდა, ბღაოდა, მოთქვამდა ხალხი. ხალხი, რომელთა ოჯახებიდანაც მარჩენალი ისე წაიყვანეს, საცვლის ჩაცმაც არ აცალეს. ტიროდა გულამოგლეჯით ის, ვინც ვერასოდეს გაიგებდა, როგორი ბაბუა, მამა, ბიძა ჰყავდა ან სად იყო მათი საფლავები.
მოსაღამოვდა. ხალხი არ იშლებოდა. გამოჩნდა “ნაუცფათევად” დაწერილი ლექსები, რომელთა მიხედვით, აი, ახლა თვლიდნენ თავს დაობლებულად!
არც ამდენ ხალხში და ალბათ, მთელ პლანეტაზე, მაშინ არავინ იცოდა, რომ საბოლოო რექვიემს უმღეროდნენ კაცს, რომელიც ქალი არ იყო, მაგრამ შეეძლო ეშვა შიში, წითელი ფერისა, ამხელა ქვეყნის და ამდენი ხალხის დამმონებელ-დამაჩლუნგებელი!
ასეთი იყო მაშინ ხალხის განწყობა, რომელსაც შიშისგან ნაშობი “სიყვარული” მართავდა. დაზაფრულ ხალხს ეგონა, რომ მართლა უყვარდა ბელადი. ასეთი გაორება ადამიანისა მხოლოდ შიშს შეეძლო და ასეთი შიშის დამკვიდრება მხოლოდ სტალინმა შეძლო!
2009 წელს ქ. გორის ცენტრიდან სტალინის ძეგლის გადატანას მე არ დავეთანხმე (გაზეთი “გურია ნიუსი”, 13.08.2009), რადგან მიმაჩნია, რომ ეს პიროვნება, ჯერ კიდევ შეუსწავლელი-შეუფასებელი ფენომენია. მე ვამართლებ მის მოძულეებსაც და მოყვარულებსაც. ჩვენ, სურებელები, მისგან დღეს ვითხოვთ პასუხს კითხვაზე _ რატომ ამოძირკვა რამიშვილები და ბერიშვილები? მე ასე ვფიქრობ _ ორი უდიდესი ძალა შეასკდა ერთმანეთს. ავი მამინაცვლის გაზრდილი, კაცთმოძულე სოსო და დიდი განმანათლებლის, ისიდორე რამიშვილის მოსწავლე, გენეტიკურად უდიდესი ფიზიკური და გონებრივი სიძლიერის მქონე რამიშვილი. არ შეარჩინა სოსომ ნოეს სახეში ხელის გარტყმა და წაქცევა. გადაგიხდიო, _ დაემუქრა და მთელ სურებს გადაუხადა!
… და რას აკეთებს დღეს ისტორია? სიპ ქვაზე დარგულ სიმართლეს ახარებს. თუმცა, ძვირად ფასობს სიმართლის გამარჯვება! ზოგჯერ უკადრებელი ამბავიც შეგეფეთება. სამი კვირის წინ, თითქმის დაფერფლილი წარსულის ნაკვალევზე მიმავალ ჟურნალისტებს, კითხვაზე _ რა იცით ამ ოჯახების შესახებო, გზად შემხვედრმა ადამიანებმა ცივად უპასუხეს: არაფერი!
მჯერა, რომ თქვენ მართლა არაფერი იცით ამ ხალხზე და საერთოდაც! არაფერი გასწავლათ დედამ, მამამ, მეზობლებმა, მაგრამ არც მასწავლებელი გყავთ?! არც წიგნს კითხულობთ, არც ტელვიზორს უყურებთ?
… და ვიდრე თქვენგან ამ კითხვის პასუხს მივიღებდე, სიხარულით გაცნობებთ, რომ ახლა მე ხელთ მაქვს უნიკალური დოკუმენტური მასალა და ფოტოები იმ ხალხისა, ვინც საქართველოსთვის ისე გაიღო ყველაფერი, რომ ერთი სკამი, ერთი ძირი ხე და ერთი ფოტოსურათიც არ დარჩენიათ.
მალე დაწვრილებით, გაგაცნობთ ამ ხალხს. ისინი დავიწყების დაუნდობლობამაც ვერ სძლია და დარჩნენ მთის არწივებად, ამიტომ ღირსი არიან მარადიული პატივდებული ხსოვნისა.
ქართველი ერის დაცემის პროცესი კაი ხნის წინ დაიწყო. ერთადერთი საშველი ჩვენი გადარჩენისა, წარსულის მოვლაა. წარსული გადაგვარჩენს!
რუსუდან ბერიშვილი