წინასაარჩევნო პერიოდში ,,პირველი რადიო“ ,,ქართული ოცნების“ შიდა სოციოლოგიურ კვლევას აქვეყნებს. კვლევის მიხედვით, საპრეზიდენტო არჩევნებში პირველ ადგილზეა ,,ძალა ერთობაშიას“ საპრეზიდენტო კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე, მეორეზე დავით ბაქრაძე, ხოლო მესამეზე სალომე ზურაბიშვილი.
კვლევასთან დაკავშირებით შეფასებები უკვე გაკეთდა მმართველ პარტიაში. როგორც ,,ქართული ოცნების“ წარმომადგენლები აცხადებენ, აღნიშნული კვლევა ,,ქართულ ოცნებას” არ ეკუთვნის.
ფრაქცია „ქართული ოცნება – კონსერვატორების“ თავმჯდომარე გიგა ბუკია კვლევას უნდობლობას უცხადებს და ამბობს, რომ აღნიშნული კვლევა ჭორს უფრო ჰგავს, ვიდრე მოსახლოების რეალურ განწყობას.
,,თუ რეალობა მიგაჩნიათ, რომ ,,ნაციონალური მოძრაობას“ ამდენი მხარდამჭერი ჰყავს, მაშინ ყველა ჭორი შეიძლება ჩათვალოთ სიმართლედ. ამ კვლევაზე სერიოზულ კომენტარს ვერ გავაკეთებ.
,,ქართული ოცნება“, რა თქმა უნდა, სოციალურ კვლევებს ინტენსიურად ატარებს, იმის გასაგებად თუ რა აწუხებს მოსახლეობას, რამდენად ადეკვატურია ჩვენი ხედვა, ბუნებრივია, მოსახლეობის განწყობის გაზომვა მსგავსი მეთოდებით ხდება, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ აღნიშნული კვლევა სერიოზულ კომენტარს იმსახურებს“, _ გვითხრა ბუკიამ.
კვლევას უნდობლობას უცხადებენ ,,ევროპული საქართველოშიც“. რაც შეეხება გაერთიანებულ ოპოზიციას, ,,ძალა ერთობაშიას“ წევრები აცხადებენ, რომ ვაშაძე საპრეზიდენტო არჩევნებში უალტერნატივო საპრეზიდენტო კანდიდატია.