საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილე დამოუკიდებელ საპრეზიდენტო კანდიდატ სალომე ზურაბიშვილს მხარდაჭერა ,,ქართულ ოცნებაში“ შემავალმა ორმა ფრაქციამ (“კონსერვატორებმა“ და “სოციალ-დემოკრატებმა“) გამოუცხადა.
ჯერჯერობით, საკუთარი პოზიციის გაჟღერებისგან თავს იკავებს მმართველი პოლიტიკური ძალა. როგორც ცნობილია, გუნდი საკუთარ გადაწყვეტილებას 8 სექტემბრის შემდეგ გამოაცხადებს.
მაშინ, როცა ,,ქართულ ოცნებას“ საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია ოფიციალურად არ განუცხადებია, პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი დამაჯერებლად აცხადებს, რომ ,,ქართული ოცნება“ მხარდაჭერას მის სასარგებლოდ დააფიქსირებს. აღნიშნულის შესახებ ზურაბიშვილმა ,,კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში ისაუბრა.
„აბსოლუტურად გასაგებია, რატომ ითხოვს “ქართული ოცნება” 8 სექტემბრამდე ვადას. სწორედ 8 სექტემბერს გაირკვევა საპრეზიდენტო კანდიდატების ვინაობა. სხვა მხრივ კი, როგორც მე ვერ წარმომიდგენია “ქართული ოცნების” გარდა, სხვა პარტიამ დამიჭიროს მხარი, ისე რთული წარმოსადგენია, ჩემ გარდა სხვა რომელ კანდიდატს უნდა დაუჭიროს მხარი “ქართულმა ოცნებამ“, _ განაცხადა ზურაბიშვილმა.
„გურია ნიუსმა“ პოლიტოლოგ გია ნოდიას მიმართა კითხვით _ კონკრეტული კანდიდატის მხარდაჭერასთან დაკავშირებით, რატომ აჟღერებს მმართველი პოლიტიკური ძალა საკუთარ გადაწყვეტილებას ფრაქციების სახელით? ასეთ შემთხვევაში რა გათვლა აქვს „ქართულ ოცნებას“?
ნოდიას თქმით, მმართველი პოლიტიკური ძალა ყველაფრისთვის ემზადება, მათ შორის, უკან დასახევადაც, რასაც ,,ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო გათვლა ადასტურებს.
„შემიძლია მხოლოდ ვთქვა, რომ ეს არის ძალიან უცნაური ქცევა. პრაქტიკულად, ცალკეული პარტიები ,,ქართული ოცნების“ ნებისგან დამოუკიდებლად ასეთ ნაბიჯებს ვერ უნდა დგამდნენ. ასე რომ, ბუნებრივია, აღნიშნული ,,ქართულ ოცნებასთან“ კოორდინირებული უნდა იყოს. შეიძლება, ბიძინა ივანიშვილის ტვინში რაღაც უცნაური ჩანაფიქრია რომ უკან დახევის საშუალება ჰქონდეს. იმ შემთხვევაში თუ ,,ქართული ოცნება“ მხარს არ დაუჭერს ზურაბიშვილს, იტყვის, რომ „ქართულ ოცნებას“ კი არ დაუჭერია მხარი, რაღაც სიმპათიები ჰქონდა გუნდის ზოგიერთ წევრსო. ალბათ, ასეთი გათვლა აქვს ბიძინა ივანიშვილს“, _ გვითხრა ნოდიამ.
,,კონსერვატორებისა“ და ,,სოციალ-დემოკრატების“ შემდეგ, გამოუცხადებენ თუ არა ,,ქართულ ოცნებაში“ შემავალი სხვა ფრაქციები სალომე ზურაბიშვილს მხარდაჭერას 8 სექტემბრამდე, ჯერჯერობით, უცნობია.
საპრეზიდენტო არჩევნები 28 ოქტომბერს გაიმართება.