საერთაშორისო სამხრეთკავკასიური მედიაფორუმი, რომელიც ოკუპანტი ქვეყნის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის საპრეზიდენტო გრანტით ფინანსდება, საქართველოში რამდენიმე დღის განმავლობაში ჩატარდება.
საქართველოში უკვე იმყოფებიან რუსული პროპაგანდისტული მედიის წარმომადგენლები.
უნდა იმართებოდეს თუ არა მსგავსი ღონისძიებები საქართველოში?_ საკითხთან დაკავშირებით თბილისში უკვე გაკეთდა განცხადებები.
საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტი თორნიკე შარაშენიძე აცხადებს, რომ არასასიამოვნოა, როცა ხელისუფლება, ერთ შემთხვევაში, ევროკავშირს სთხოვს დახმარებას ჰიბრიდულ ომთან საბრძოლველად, ხოლო მეორე შემთხვევაში, ხელს არ უშლის კრემლს მსგავსი ღონისძიებების ჩატარებაში. აღნიშნულთან დაკავშირებით შარაშენიძე ,,გურია ნიუსთან“ საუბრობს.
,,ძირითადად, ქვეყანაში ჩამოსულები არიან რუსეთის პროპაგანდისტები, რაც უსიამოვნოა. როცა მთავრობა დაყრუების პოზიციაშია, მართალი გითხრათ, არ მომწონს. ამდენი დაყრუება მავნებლობაში გადასდით.
საქართველოში მსგავსი ღონისძიებების ჩატარება მოიტანა იმან, რომ ბოლო წლების განმავლობაში რუსეთ-საქართველოს შორის ურთიერთობების ნორმალიზაცია მოხდა, რასაც თავისი პლუსები ახლავს, მაგრამ მსგავსი შინაარსისა და შემადგენლობის ფორუმები როცა ტარდება დედაქალაქში, ძალიან ცუდი სიგნალია.
ქვეყანა ითხოვს დასავლეთიდან დახმარებას, დამეხმარეთ ვებრძოლოთ ჰიბრიდულ ომსა და პროპაგანდასო, ამ დროს დედაქალაქში მსგავს რამეს ატარებინებს, ამას მთავრობის მხრიდან დიდი გააზრება სჭირდება.
საბედნიეროდ, ასეთი სწორხაზოვანი და ჩლუნგი პროპაგანდა მარტივად არ მუშაობს“, _ გვითხრა შარაშენიძემ.
საქართველოში სამხრეთკავკასიური მედიაფორუმი ოთხ სექტემბერს დაიწყო და შვიდი სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება.