ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის შედეგად გარდაცვლილი ერთ-ერთი მოზარდის მამა ზაზა სარალიძე საგანგებო პრესკონფერენციაზე საგამოძიებო კომისიის იმ დასკვნას გამოეხმაურა, რომელიც საპარლამენტო უმრავლესობის მიერ არის მომზადებული.
სარალიძემ უმრავლესობის წევრებს მოუწოდა, რომ საკუთარ პრესტიჟზე ზრუნვის მაგივრად, სჯობს, სიმართლე გამოააშკარავონ. ზაზა სარალიძე ,,ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს, მამუკა მდინარაძეს უპირისპირდება და აცხადებს, რომ საკადრის პასუხს გასცემს.
,,დღეს ვიღებთ იმას, რომ ,,ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნები პირდაპირ ხელს უშლიან ჩემი შვილის მკვლელის გამოაშკარავებას.
ეს რეკომენდაციები აქამდეც იყო ცნობილი, ძალიან კარგად იცოდა შსს-მ და პროკურატურამ. ყველაფერი გაკეთდა ხალხის დასანახად. საზოგადოებამ დაინახა, ვინ არის მკვლელი, ვინ არის დამნაშავე და ვინ დააფარა ხელი.
მინდა შევახსენო მთავარ მდინარაძეს, რომ საგამოძიებო კომისიის პრესტიჟზე ნუ მელაპარაკება, ჩემი პრესტიჟი გლდანის სასაფლაოზე წევს და ამას მე მაგათ არ შევარჩენ“, _ თქვა სარალიძემ.