პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს ეკონომიკის მინისტრის ხანგრძლივ შვებულებებთან დაკავშირებით ახსნა-განმარტების გაკეთება კიდევ ერთხელ უწევს.
პრემიერი ქობულიას ხანგრძლივ შვებულებებში პრობლემას ვერ ხედავს და აღნიშნავს, რომ სამინისტრო მინისტრის გარეშეც სრულფასოვნად მუშაობს.
,,ვფიქრობ, გოგა ქობულიამ გააკეთა ამომწურავი კომენტარი. ეკონომიკის სამინისტრო მუშაობს სრულფასოვნად. უფრო მეტიც, მთავრობის სხდომებზე წარმოდგენილი საკითხების უმრავლესობა, რომელიც დღესაც და წინა მთავრობის სხდომაზეც ჩატარდა, სწორედ ეკონომიკის სამინისტროსგან არის ინიცირებული“, _ განაცხადა ბახტაძემ.
ქობულია თანამდებობაზე 12 ივლისს დაინიშნა და ამ დროის განმავლობაში ის შვებულებაში სამჯერ გავიდა.
თავად ქობულია ადასტურებს, რომ თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ ნახევარი დრო შვებულებაში აქვს გატარებული. როგორც ქობულია აცხადებს, ხშირი შვებულების მიზეზი წინა სამსახურსა და ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პრობლემებს უკავშირდება.
როგორც ,,გურია ნიუსს“ ეკონომიკის სამინისტროდან აცნობეს, ქობულია უფლებამოსილების განხორციელებას 10 სექტემბრიდან შეუდგება.