სოციალურ ქსელში ვასო გოძიაშვილის პარკში, ე.წ. წითელი ბაღში ხეების ჩეხვის ამსახველი ფოტოები გავრცელდა, რასაც საზოგადოების უარყოფითი რეაქცია მოჰყვა.
პარკის რეაბილიტაციის შესახებ დედაქალაქის მერი, კახა კალაძე, რამდენიმე თვის წინ საუბრობდა, შესაბამისად „გურია ნიუსი“ დაინტერესდა უკავშირდება თუ არა ხეების ჩეხვა პარკის სარეაბილიტაციო სამუშაოებს და მოხდება თუ არა გაჩეხილი ხე-ტყის აღდგენა _ რის გასარკვევადაც გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურს დაუკავშირდა.
როგორც უწყებაში ამბობენ, ვასო გოძიაშვილის პარკში ხეების მოჭრა სანიტარულ ჭრებს უკავშირდება და საკომპენსაციოდ ხეების 2-მაგი რაოდენობა დაირგვება.
„ე.წ. წითელ ბაღში იყო დაავადებული ხეები, რაც სხვა ხეებს აზიანებდა. პარკში მიმდინარეობს სანიტარული ჭრები, რის ფარგლებშიც, მოიჭრება ზეხმელი ხეები და საკომპენსაციოდ ორმაგი რაოდენობის ხეების დარგვა მოხდება. დაირგვება 15 სახეობის 462 ნერგი და 6 სახეობის 2300 ძირი ბუჩქი (ევროპული მუხა, ჩვეულებრივი იფანი, ამერიკული ნეკერჩხალი, მინდვრის ნეკერჩხალი, იტალიური ფიჭვი, უნგრული ცაცხვი, ამბრის ხე, არიზონის კვიპაროსი, არღავანი, გრძელფოთოლა იფანი, კატალპა, მსხვილფოთოლა ნეკერჩხალი (ლეკა), იაპონური სოფორა, ოქროსფერი ნეკერჩხალი, ლეილანდის კუპრესოციპარის, ფოტინია, უცვეთელა, იასამანი, სურნელოვანი ოსმანთუსი, მარადმწვანე ძახველი, ტუია). ასევე, დაიგება ბალახის საფარი“,_ამბობენ გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურში.
როგორც ცნობილია, ვასო გოძიაშვილის პარკის სარეაბილიტაციო სამუშაოები წლის ბოლომდე დასრულდება.
მათივე ინფორმაციით, სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში პარკის ტერიტორიაზე 2 საბავშვო მოედანი, საპიკნიკე სივრცეები, ჭადრაკის დეკორატიული დაფა, დეკის ბილიკებით გამოყოფილი დასასვენებელი ზონები, სავარჯიშო სივრცე, საგამოფენო ღია სივრცე, მცირე ზომის ღია კინოთეატრი და ასევე დახურული სივრცე მოეწყობა კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებების გასამართად. ასევე მოეწყობა საველოსიპედე ბილიკი და ცხოველების სასეირნო სპეციალური სივრცე.