დღეს პარლამენტში, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტში ნარკოპოლიტიკის კანონპროექტზე იმსჯელებენ.
ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, აკაკი ზოიძის განცხადებით, ნარკოტიკულ დანაშაულში მსჯავრდებულთათვის უფლებების ჩამორთმევის საკითხთან დაკავშირებით, ცვლილებები იგეგმება. ცვლილებების მიხედვით, მოსამართლე მიიღებს გადაწყვეტილებას შეეზღუდება თუ არა სამოქალაქო უფლებები ნარკოდანაშაულში მსჯავრდებულს. კერძოდ, ექნება თუ არა მას სატრანსპორტო საშუალების მართვის, საექიმო ან ფარმაცევტული, საადვოკატო და პედაგოგიური საქმინობისა, ასევე სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო დაწესებულებებში საქმიანობის უფლება.
6 სექტემბერს აკაკი ზოიძემ თქვა, რომ დეკრიმინალიზაციის შესახებ კანონპროექტის კენჭისყრა პარლამენტში 21-23 სექტემბერს იგეგმება.
საქართველოს პარლამენტში ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაცია მსჯელობა რამდენჯერმე გადაიდო. ამ საკითხზე ქართულ ოცნებაში აზრთასხვადასხვაობაა. 4 ივნისს, ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციაზე მსჯელობა მას შემდეგ განახლდა, რაც მანამდე ორჯერ რამდენიმე კვირით გადაიდო. 14 მაისს პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ პარლამენტი ნარკოპოლიტიკის კანონპროექტს, ივნისის ბოლომდე დაამტკიცებდა.
30 ივლისს საკონსტიტუციო სასამართლომ პარტია “გირჩის” წევრების სარჩელი დააკმაყოფილა და მარიხუანის მოხმარებისთვის ადმინისტრაციული სასჯელი გააუქმა. თუმცა არსებობს გარკვეული გამონაკლისები. თუ მოქალაქე კანაფს საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, სასწავლო-სააღმზრდელო დაწესებულებებში მოწევს, ან მისი მოხმარება საფრთხეს შეუქმნის სხვა ადამიანს, მოქალაქე დაჯარიმდება.