„ციფრული საბაჟოს იდეა ძალიან ამბიციური პროექტია. საქართველო არა მარტო ჩვენს რეგიონში, შეიძლება ითქვას, აღმოსავლეთ ევროპაშიც კი იქნება ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც გააკეთებს ამ ახალი თაობის ციფრული საბაჟოს იმპლემენტაციას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მამუკა ბახტაძის თქმით, საქართველოს ახალი საბაჟო კოდექსი უპასუხებს იმ გამოწვევებს, რაც დღეს არის.
„ეს იქნება ევროპული სტანდარტების საბაჟო კოდექსი, რომელიც რამდენიმე თვის შემდეგ შევა ძალაში. მნიშვნელოვნად გამარტივდება ისეთი საბაჟო პროცედურები, როგორიც არის სასაზღვრო ფორმალობები, ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორი, რეექსპორტის პროცედურების მაქსიმალურად გამარტივება. იმპორტის გადასახადის დაბრუნება, პროცედურის მფლობელის დეფინიციის შემოტანა, დეკლარირების მარტივი ელექტრონული ფრომის იმპლემენტაცია”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
პრემიერმინისტრმა მეწარმეებსა და ექსპერტებს მოუწოდა, რომ აქტიურად ჩაერთონ საბაჟო კოდექსის ღია განხილვის პროცესში.
ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა ახალი საბაჟო კოდექსის პროექტის პრეზენტაცია 10 სექტემბერს გამართა. კანონპროექტი საბაჟო პროცედურების გამარტივების მიმართულებით მნიშვნელოვან სიახლეებს ითვალისწინებს.