შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, “საქართველოს დარაჯის” საქმეზე გამოძიება დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე მუხლით, რაც უკანონო ფორმირების შექმნას და მის ხელმძღვანელობას გულისხმობს. უწყების განმარტებით, ამ დროისთვის, კანონით გათვალისწინებული ყველა შესაბამისი საგამოძიებო მოქმედება ტარდება. საქმე ეხება ჯგუფს, რომელიც რამდენიმე დღეა, აღმაშენებლის გამზირზე პატრულირებს. ამ ჯგუფის წევრები საკუთარ თავს “საქართველოს დარაჯებს” უწოდებენ. როგორც შს სამინისტროში რადიო თავისუფლებას განუცხადეს, გამოძიება დაიწყო ორი დღის წინ, სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, რომლის თანახმადაც, „საქართველოს დარაჯის“ წევრები აღმაშენებლის გამზირზე უცხოელებს ავიწროებდნენ. პოსტი ამის შესახებ 11 სექტემბრის საღამოს, ფეისბუკ მომხმარებელმა საკუთარ გვერდზე გაავრცელა, სადაც ის წერდა, რომ ორი კაცი, რომლებსაც მაისურებზე ეწერათ „საქართველოს დარაჯი“ ინდოელ კაცებს ეკამათებოდნენ: „აღმოჩნდა, რომ ეს ორი გაურკვევლი პირი საბუთებს სთხოვდა ამ ორ ინდოელ მამაკაცს, იმ საფუძვლით, რომ ეჭვი იყო მათი არალეგალობის შესახებ, მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი გარეთ იდგნენ და ლუდს სვამდნენ. ასევე გაირკვა რომ ეს ორი გაურკვეველი ტიპი ყოველდღე ამ ტერიტორიაზე არის და აკვირდება ყველა უცხო ქვეყნის წარმომადგენელს… ერთ-ერთმა საქართველოს დარაჯმა განაცხადა, რომ დროშაზე აქვს დაფიცებული, რომ საქართველოს დაიცავს არალეგალებისგან“.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved