ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მდებარე ყველა სკოლაში ახალი სასწავლო წელი დაიწყო. ოზურგეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის ლელა იმედაშვილის თქმით, უამინდობის მიუხედავად, სასწავლო პროცესი ყველა სკოლაში დაიწყო.
“ზოგან 9 საათზე და ზოგ ადგილას 09:30-ზე. პირველკლასელებისთვის ყველა სკოლაში მიღებულია საჩუქრები და ასევე, წიგნები. ამ წუთებში სოფელ ძიმითში ვიმყოფები, სადაც ახალი სკოლა აშენდა“, _ გვითხრა ლელა იმედაიშვილმა.
ახალი სასწავლო წლის დაწყება სამი დღის წინ აღნიშნა და შენობის წინ სპეციალურად მომზადებული კონცერტი გამართა ოზურგეთის #4 საჯარო სკოლამ. დღეს კი დილიდანვე გურიის ხელისუფლების წარმომადგენლები რამდენიმე სკოლას სტუმრობენ და ახალი სასწავლო წლის დაწყებას ულოცავენ მოსწავლეებს, მასწავლებლებსა და მშობლებს.