2015 წელს აღდგენილი სახალხო დღესასწაული _ “შემოქმედობა” წელს, 20 სექტემბერს არ გაიმართება.
სოფელ შემოქმედის მოსახლეობის ერთი ნაწილი ამბობს, რომ ახლაც ელოდებოდნენ დღესასწაულს, მეორე ნაწილი კი ფიქრობს, რომ ყოფილი გამგებლის და გუბერნატორის მერაბ ჭანუყვაძის დროს აღდგენილი დღესასწაულის ჩატარების სურვილი არ აქვს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ახლანდელი მერს კონსტანტინე შარაშენიძეს.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საკითხთა სამსახურის უფროსის მარინა ჯაფარიძის თქმით, სოფლის დღესასწაული და ვარლამ სიმონიშვილის სახელობის ეთნოგრაფიული მუზეუმის გახსნა ერთდროულად იგეგმება, სავარაუდოდ, ოქტომბერში.
“გვიან შემოვიდა განაცხადი სოფლიდან და აქედან გამომდინარე, ტენდერის ჩატარება ვერ მოხერხდა ადრე. ცოტა მოგვიანებით ჩატარდება სოფლის დღესასწაული და მუზეუმის გახსნა“, _ გვითხრა მარინა ჯაფარიძემ.
„შემოქმედობა“ პირველად 1977 წელს, 20 სექტემბერს ჩატარდა და დღესასწაული ღმრთისმშობლობის ღამის დადგომამდე რამდენი საათით ადრე იწყებოდა, რის შემდეგ მართლმადიდებელი მრევლი ტაძარში მიდიოდა და წირვა-ლოცვას ესწრებოდა.