შემოქმედელი მიტროპოლიტის, მეუფე იოსების მიერ გუშინ გავრცელებულ განცხადებას, რომელშიც მან სალომე ზურაბიშვილი იუდას შეადარა და აღნიშნა, რომ მისი გაპრეზიდენტება არ შეიძლება, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ეხმაურება:
_ 20 წელია ვიცნობ და დიდ პატივს ვცემ. ძალიან უყვართ გურიაში, _ ამ ტექსტით ავრცელებს მიხეილ სააკაშვილი მეუფე იოსების განცხადებას.
შეგახსენებთ, რომ მეუფე იოსები “ქართული ოცნების” მიერ მხარდაჭერილ პრეზიდენტობის კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს სინანულისკენ მოუწოდებს და აღნიშნავს, რომ მისი “პრეზიდენტობა არ შეიძლება”.
“კონკორდატში, ქალბატონო სალომე, არ წერია უზნეობაზე ხმა არ ამოიღოო. პირიქით _ თუ ვინმე საზოგადოებას, ჩვენს მრევლს გადაცდომისკენ მოუწოდებს, მოვალე ვართ ჩვენ იგი ვამხილოთ.
ეს მუქარა, რომელსაც თქვენ გამოთქვამთ წმინდა სინოდის მიმართ, კიდევ ერთი დასტურია, თქვენი გაპრეზიდენტების შემთხვევაში, თუ როგორი საშიში გახდებით ქართველი ერისა და ეკლესიის მიმართ.
თქვენ ბრძანეთ ერთ-ერთ გამოსვლაში, რომ, თურმე, ეპისკოპოსები და სამღვდელოება უსახურ ტაძრებს ვაშენებთ და იქვე დaსძენთ, რად გინდათ ამდენი ტაძრების აშენება როცა უამრავი გაჭირვებულია საქართველოში და ხომ არ აჯობებდა ეს ფული მათთვის გამოვიყენოთო.
მინდა შეგახსენოთ, რომ იუდამაც ზუსტად ასეთი სიტყვები უთხრა მაცხოვარს, როცა მარიამ მაგდალინელმა ნელსაცხებელი ცხო უფალს ფეხებზე.
ეს და სხვა თქვენი გამოსვლებიდან გამომდინარე, ჩვენ და ქართველ საზოგადოებას გამოგვაქვს დასკვნა, რომ თქვენი პრეზიდენტობა არ შეიძლება.
ეს არ არის პოლიტიკა, ეკლესია არც ერთი პოლიტიკური პარტიისკენ არ იშვერს ხელს და ხალხს არ მოუწოდებს, ხმა მას მიეცითო. მაგრამ რაც შეეხება იმ მოვლენებს, მოწოდებებს. ფუჭ დაპირებებს, ქართველი ერის დეგრადაციას, მათი მოთხოვნების უგულებელყოფას, ამაზე ჩვენ ვერ გავჩუმდებით, თვალს ვერ დავხუჭავთ.
გამხილებთ სიყვარულით და მოგიწოდებთ სინანულისკენ. იმიტომ გვაკურთხა ჩვენ ღმერთმა უფალმა იესო ქრისტემ, რათა სიმართლე და ჭეშმარიტება ვიქადაგოთ”, _ აღნიშნულია განცხადებაში, რომელიც შემოქმედელმა მიტროპოლიტმა მეუფე იოსებმა გაავრცელა.
ამავე თემაზე: “მე ეკლესია ვარ და არ ვარ ვალდებული ინფორმაცია მოგაწოდოთ” _ ბიუჯეტის თანხები ეპარქიის ანგარიშზე, რომელსაც არავინ აკონტროლებს
მეუფე იოსების პირად საკუთრებაში არსებული მილიონზე მეტად შეფასებული ქონება