ოზურგეთში ფოლკლორის ცენტრის გახსნას არაერთი ხელოვანი დაესწრო. საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე ანზორ ერქომაიშვილი დამსწრე საზოგადოებას სცენიდან მიესალმა.
“არის ჩემს ცხოვრებაში რამდენიმე დღე, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია. 2001 წლის 18 ივნისი, როდესაც იუნესკომ ქართული სიმღერა მსოფლიო პოლიფონიურ შედევრად აღიარა, მაშინ იუნესკოში ვმუშაობდი ფოლკლორის კომისიაში. რა დამავიწყებს… ათასკაციან დარბაზში აღიარეს ქართული ხალხური სიმღერა, სცენიდან “ჩაკრულო“ და ხასანბეგურა ისმოდა, დარბაზი ფეხზე ადგომით შეხვდა ამ ფაქტს. ამ დროს სევდამ შემიპყრო და ჩემ თვალწინ გაირბინა იმ ხალხის სახეებმა, იმ მომღერლების სახეებმა, რომლებმაც ქართული ხალხური სიმღერა ჩვენამდე მოიტანეს, ქართული ხალხური სიმღერა კოსმოსში გაუშვეს და შემოგვინახეს ისე, როგორც საჭირო იყო. ძალიან ამაყი ვიყავი და ეს დღე მნიშვნელოვანია ჩემთვის, როგორც დღევანდელი დღე _ ამ ცენტრის გახსნა ახალი თაობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ყველას მადლობა, ვინც ამ სიკეთეში მიიღო მონაწილეობა“, _ თქვა ანზორ ერქომაიშვილმა.