საქართველოს პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი ოპონენტებს დებატებში იწვევს.
ამის შესახებ ზურაბიშვილმა რამდენიმე წუთის წინ გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.
„როგორც ყველა ხართ მოწმე, ეს საარჩევნო კამპანია ვითარდება, როგორც არაევროპული, არაღირსეული, არაცივილური კამპანია. მისთვის დამახასიათებელია სიცრუე, სიყალბე, შავი პიარი, შეურაცხყოფა, ცილისწამება და, სამწუხაროდ, ეს ლახავს საქართველოს სურათს. ყველაზე მიუღებელი ჩემთვის არის არა ის ბრალდებები და შეურაცხყოფები, რაც პერსონალურად ჩემს წინააღმდეგ არის წარმოთქმული, არამედ ის, რაც ეხება ჩემს დამოკიდებულებას ამ ქვეყნისადმი, რომელიც წარმოადგენს ჩემთვის ერთგვარ წითელ ხაზს. ამ პირობებში, ნებისმიერი ღირსეული ადამიანი არ დათანხმდებოდა და არ მიიღებდა მონაწილეობას დებატებში, წარმომადგენლებთან იმ შავი ძალისა, რომლებიც ამ ყველაფერზე მიდიან. მაგრამ ბევრი ვიფიქრე და იქიდან გამომდინარე, რომ საზოგადოებას, ამომრჩეველსა და საარჩევნო ვითარებას პატივს ვცემ, გადავწყვიტე, ავიღო ინიციატივა და ვთქვა, რომ მე ამ შავი ძალის ორივე სახეს ვიწვევ დებატებში და ამ დებატებში მონაწილეობას ნეიტრალურ სივრცეში მივიღებ. მე დავაფიქსირებ ჩემს სიმართლეს, ჩემს პოზიციებს და ნათელი მოვფინოთ იმას, რაც ხდება დღეს ქვეყანაში”, _ განაცხადა ზურაბიშვილმა. (R)




































































