ტაქსების რეგულაციასთან დაკავშირებით მძღოლებს ვაუჩერები გადაეცემათ. ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის მერმა, კახა კალაძემ განუცხადა.
მისივე თქმით, ის მძღოლები, რომლებიც 10 ოქტომბრამდე აიღებენ ლიცენზიას და გაივლიან ყველა პროცედურას, მანქანის გადასაღებად და სალონის ქიმწმენდისთვის სპეციალურ ვაუჩერს მიიღებენ.
„მფლობელს რომლის ტაქსიც რეგისტირირებულია, ანუ ლიცენზია მიღებული აქვს 2018 წლის 10 ოქტომბრის ჩათვლით, ასევე გავლილი აქვს ტექნიკური ინსპექტირება, უნდა იყოს აუცილებლად მარცხენასაჭიანი და ოთხკარიანი ავტომობილი.
ლიცენზიის მქონე მძღოლებს გადავცეთ ვაუჩერი, რომ მათ მოახდინონ ავტომობილების თეთრად გადაღებვა. ასევე მათ გადაეცემათ ავტომანქანის სალონის ქიმიური წმენდის ვაუჩერები“ _ განაცხადა კახი კალაძემ.
მისივე თქმით, აღნიშნულ ვაუჩერებს ტაქსების მფლობელებს გადასცემს მერიის მიერ გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებული კომპანია, სანაცვლოდ კი ტაქსები კომპანიის სარეკლამო ბანერს განათავსებენ.