შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსის მამუკა ჭელიძის ბრიფინგზე გაირკვა, რომ 10 თვეში ფონიჭალაში 192 პირი დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
“ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა 1977 წელს დაბადებული ზ.გ. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს.
სამართალდამცველებმა, დაკავებულის კუთვნილი ავტომანქანის ჩხრეკისას, სპეციალურად მოწყობილი სამალავიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები. გამოძიების წინასწარი მონაცემებით ამოღებულია: 6800 აბი „ექსტაზი“, 1 კილოგრამი „ჰაშიში“, „კოკაინი“ და „LSD“ ფირფიტები. გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს,”- წერია განცხადებაში.
აღსანიშნავია, რომ 2017 წლის ნოემბრიდან 2018 წლის 3 ოქტომბრის ჩათვლით, ფონიჭალის დასახლებაში სხვადასხვა სახის ნარკოდანაშაულისთვის დაკავებულთა შორის 13 ქალი და 179 კაცია.
ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა მიმდინარე წელს ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-შემოტანის ფაქტებზე სისხლის სამართლის პასუხისგებაში პოლიციის 7 თანამშრომელი მისცეს.