ქალბატონი ნანული სარაჯიშვილი ფილმი „გარიგების“ გადაღების პროცესს არაერთხელ იგონებს.
„გარიგების“ პირველი და მეორე ნაწილიც ძალიან შეიყვარა მაყურებელმა. ყველაფერი მეგობრულ ვითარებაში დაიწყო. ზაზა კოლელიშვილს ახალი დამთავრებული ჰქონდა კინოსარეჟისორო. ისე, საუბარში მითხრა, ასეთი და ასეთი ფილმის გადაღებას ვაპირებო და შინაარსი მიამბო.
გამიხარდა, რა კარგია-მეთქი, მაგრამ ამ ფილმში თამაშზე არ მიფიქრია, გამომდინარე იქიდან, რომ არაფერი შემოუთავაზებია. მერე, მაროს როლზე ვიღაცეები გასინჯა. ერთ მშვენიერ დღეს მირეკავს და მეუბნება: ჩემოდნები ჩაალაგე, კახეთში მივდივართო. რა ჩემოდანი, რა კახეთი-მეთქი, დავიბენი. მაროს როლზე დაგამტკიცეო. თან გამიკვირდა, თან გამიხარდა. მერე სულ ვეკითხებოდი: იმათ რა დაუწუნე, ვინც გასინჯე, რა მოხდა-მეთქი? მინდოდა, ის შეცდომები გამეთვალისწინებინა. აი, კახელი რომ კახელის თამაშს დაიწყებს, ის უკვე აღარ ვარგაო, – მითხრა.
სულ ხუმრობ-ხუმრობაში გადავიღეთ ფილმი. ქალის როლის საუკეთესო შესრულებისთვის „ოქროს არწივით“ დამაჯილდოვეს. ეს არის ჩემი ყველაზე დიდი ჯილდო და ქონებაც, რაც გამაჩნია. მეკითხებიან ხოლმე, ქმარს არ იბრუნებო. ძალიან უნდოდათ, მიტო დამებრუნებინა, მაგრამ ისე მოხდა, რომ ფილმის მეორე ნაწილშიც ვერ დავიბრუნე“.