პოლიტიკის ექსპერტი სოსო ცინცაძე ,,ომეგა ჯგუფთან“ დაკავშირებით გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებს ნდობას უცხადებს.
ექსპერტი ბიზნესმენ ვანო ჩხარტიშვილზე საუბრისას აღნიშნავს, რომ ის ბრალდებები, რომლებიც მისი მისამართით ჩანაწერებიდან იკვეთება, მისთვის მოულოდნელი არ ყოფილა.
„ფარულ ჩანაწერებში ეჭვი არ შემაქვს, რადგან მისი ავთენტურობა ლონდონის საექსპერტო ბიურომ დაამტკიცა.
ის, რასაც ვანო ჩხარტიშვილის ადვოკატი ზაზა ხატიაშვილი დღეს აკეთებს, ამას დასავლეთში ეძახიან „ეშმაკის ადვოკატს“, ეს მიღებული ტერმინია. მე უდანაშაულობის პრეზუმფციას არ ვარღვევ და ხატიაშვილს შეურაცხყოფას არ ვაყენებ, მაგრამ ადვოკატისთვის მძიმე ჯვარია რომ ყველა უნდა დაიცვას, ვინც ფულს უხდის.
ვანო ჩხარტიშვილმა თავისი რეპუტაცია გაფლანგა ჯერ კიდევ 90-იან წლებში მაშინ, როცა მილიონი ადამიანის ფული წაიღო.
ეს მილიონები მაგას შრომით კი არ უშოვია. ჩხარტიშვილის რეპუტაცია აღარ გაირეცხება. მისგან გასაკვირი არაფერია, თუნდაც ის, რომ მოსკოვში ჩავიდა ნარიშკინთან ხელისუფლების გადატრიალებაზე სასაუბროდ.
რაც შეეხება ოთარ ფარცხალაძეს, ბუნებრივია მისი რეპუტაცია მოიკოჭლებს. მას გერმანიაში ქურდობაც კი დაბრალდა, რაც სავარაუდოდ, თანამდებობის დატოვების მიზეზი გახდა.
დღეს სასამართლოსა და პროკურატურას აბსოლუტურად ნულოვანი რეპუტაცია გააჩნია, ამიტომ გარბის ყველა უცხო ქვეყნის სასამართლოში.
სასამართლომ და პროკურატურამ თვითონ უნდა დაამტკიცონ რომ ნდობას იმსახურებენ, რასაც ვერ ახერხებენ“,_ განაცხადა ცინცაძემ.
ცინცაძის ბრალდებებს ვანო ჩხარტიშვილის ადვოკატმა ზაზა ხატიაშვილმა უპასუხა. მან პოლიტოლოგის განცხადებას სამარცხვინო უწოდა.
_ დასავლეთში უვიცს ეძახიან ისეთ ადამიანს, რომელიც ადვოკატს აიგივებს კლიენტთან. გაეროს კონვენციაში წერია, რომ ადვოკატის იდენტიფიცირება კლიენტთან არის დაუშვებელი, უბრალო ჭეშმარიტება არ იცის?!
თან, მე ვიცავ ადამიანს, რომელიც 100 %-ით მართალია, რაც ექსპერტიზამ დაადასტურა. არაცივილურია, როცა კლიენტის გამო ადვოკატს აყენებ შეურაცხყოფას.
ჩვენ გვაქვს ექსპერტიზის დასკვნა, რომლის ხელმძღვანელი არის ცენტრალური სადაზვევრვო სამსახურის ყოფილი შეფი, ვინც ბერლინის კედელი დაანგრია. დასკვნაში წერია, რომ ფრაგმენტები დაჭრილია და მიკერებულია სიტყვები, რაზეც ჩვენ მივდივართ სასამართლოში, ამიტომ ასეთი განცხადებების გაკეთება სამარცხვინოა“,_ განაცხადა ხატიაშვილმა.
გუშინ, ტელეკომპანია ,,რუსთავი 2“ -მა ვანო ჩხარტიშვილის მონაწილეობით კიდევ ერთი ფარული ჩანაწერი გაავრცელა, რომლის მიხედვით ჩხარტიშვილი, სავარაუდოდ, ვლადიმერ პუტინთან შეხვედრასა და სააკაშვილის ხელისუფლების დამხობას სცდილობდა.
დღეს ამ ჩანაწერებს ვანო ჩხარტიშვილმა მიხეილ სააკაშვილის სცენარის მიხედვით დადგმული სპქტაკლი უწოდა.
“ამ სერიალების სცენარისტ მიხეილ სააკაშვილს ფანტაზიას ნამდვილად ვერ დაუწუნებ, თვეზე მეტია, „ზაზაფიქჩერსის“ ოპერეტები გრძელდება და ყოველი ახალი ჩანაწერი წინაზე “სკანდალურია“. საბოლოოდ „გამშიფრეს“ და გლობალური პოლიტიკური პროცესების მონაწილედ „შემრაცხეს“, მადლობის მეტი რა მეთქმის. ვიცი, რომ ფინალისთვის უფრო დიდი „კომპრომატი“ აქვთ შემონახული.
მიუხედავად ასეთი „საფრთხისა“, რა სიუჟეტიც არ უნდა შეთხზან ან რა „სამხილით“ არ უნდა დამემუქრონ, მე არ შევწვეტ დაწყებულ სასამართლო დავას „რუსთავი 2“-ისა და ნიკა გვარამიას და „იბერიასა“ და ზაზა ოქუაშვილის წინააღმდეგ როგორც საქართველოში, ისე დიდ ბრიტანეთში“,_განაცხადა ჩხარტიშვილმა.