„ბავშვთა სამყაროს“ დაზარალებულები მთავარ პროკურორს 17 ოქტომბერს ხვდებიან „ბავშვთა სამყაროს“ შენობაში ხანძრის შედეგად დაზარალებულები, მათ უფლებადამცველთან ერთად, მთავარ პროკურორს ოთხშაბათს, 17 ოქტომბერს ხვდებიან _ ამის შესახებ მთავარ პროკურატურასთან გამართული აქციის მონაწილეებს გუშინ ეცნობათ.
“ბავშვთა სამყაროს“ შენობაში ხანძრის გაჩენის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ასეულობით საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება ჩატარდა. გამოკითხული 849 პირიდან დაზარალებულად ცნობილია 695 მათგანი.
შეკრებილი მტკიცებულებების საფუძველზე, 2017 წლის 27 ივლისს, სახანძრო უსაფრთხოების წესის დარღვევის ფაქტზე, ბრალდებულის სახით სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიეცა – ს.ს. „სავაჭრო სახლი ბავშვთა სამყარო“-ს დირექტორი გ.მ., ხოლო სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე შიდა უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელი მ.თ.
2017 წლის 1 დეკემბერს, გ.მ.-ს და მ.თ.-ს საქმე არსებითად განსახილველად წარიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოში, ხოლო ძირითად საქმეზე, კვლავ გრძელდება გამოძიება. ბრალდების მხარეს, მუდმივი კომუნიკაცია აქვს იმ პირებთან, რომლებმაც მომხდარი ხანძრის შედეგად მნიშვნელოვანი ზიანი განიცადეს. თითოეულ მათგანს განემარტა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული ყველა უფლება და მათ განხორციელებასთან დაკავშირებული პროცედურები.