გრეის მენგი, ინტერპოლის ყოფილი პრეზიდენტის მეუღლე, მენგ ჰუნვეის დაკავების შემდეგ მედიასთან პირველ კომენტარს აკეთებს.
ის BBC-თან, მისი მისამართით მუქარის შემცველ ზარებზე საუბრობს და ამბობს, რომ მენგ ჰუნვეის სიცოცხლეში დარწმუნებული არ არის.
„ბავშვებს ვუთხარი, რომ მამიკო ხანგრძლივ მივლინებაში წავიდა. პირველი სამი დღის განმავლობაში მეკითხებოდნენ, მამა როდის დაბრუნდება? მამასთან დალაპარაკება, მისი ხმის გაგონება გვინდა.
ტელეფონზე დამირეკეს. მითხრეს, რომ შემდეგი სამიზნე მე ვარ და მკითხეს, დარწმუნებული ვარ თუ არა, რომ საფრანგეთი ჩემი უსაფრთხოების დაცვას შეძლებს.
ვფიქრობ, პოლიტიკური დევნაა. ისინი სასტიკები და ბინძურები არიან. მათ ყველაფრის გაკეთება შეუძლიათ, რისი წარმოდგენაც არ შემიძლია“,_ამბობს გრეის მენგი.
შეგახსენებთ, რომ ინტერპოლის ყოფილი პრეზიდენტი, ჩინეთში ჩასვლის შემდეგ სამართალდამცავებმა დანაშაულებრივი საქმიანობის ბრალდებით დააპატიმრეს, თუმცა, მომხდარის შესახებ ქვეყანას განცხადება თავიდანვე არ გაუკეთებია, რადგან ოჯახი მასთან დაკავშირებას ვერ ახერხებდა, გაუჩინარებული მენგ ჰუნვეის ძებნა ფრანგმა სამართალდამცავებმა დაიწყეს.
როგორც გრეის მენგი ამბობს, ინფორმაცია მენგ ჰუნვეის კეთილდღეობის შესახებ ახლაც არ აქვს, რაც აეჭვებს, რომ შესაძლოა ის ცოცხალი აღარ იყოს.