„ამაზე ძარღვგაწყვეტილი მაინც არავინ ყავთ. როცა ტრაგედიებს, ადამიანურ ტკივილებს ატოლებ, პოლიტპროპაგანდისთვის იყენებ, გაცილებით უარესი ხარ ვიდრე ამ ტკივილის მიმყენებელი. დღეს ჩვენ მოვუწოდეთ ოცნებას სარალიძის საქმეზე გაეზიარებინა საგამოძიებო კომისიის დასკვნა. გულში სადღაც პატარა იმედი მაინც მქონდა, როცა “გავიგეთ ხალხის გზავნილი და ტკივილიო” რომ თქვეს, ზაზა სარალიძის ტკივილს მაინც ეშველებოდა რამე. არა! პასუხიც არის და პასუხიც. რადგან ეს მეორე ტური თქვენს რეფერენდუმად აქციეთ, აუცილებლად წააგებთ და მწუხრისას ეს თქვენი სიტყვები არ დაგავიწყდეთ, პატივცემულო სპიკერო“,_ამ განცხადებით გამოეხმაურა სოციალურ ქსელში პარტია „ევროპული საქართველოს“ წევრი გიგი უგულავა პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას პარტიის ულტიმატუმთან დაკავშირებით.
ცნობისთვის, „ევროპული საქართველო“ პარლამენტს რეზოლუციით მიმართავს და ხორავას ქუჩის საქმის ფარგლებში შექმნილი საგამოძიებო კომისიის რეკომენდაციებზე პარლამენტისგან რეაგირებას უახლოეს 10 დღეში ელოდება და გარდა ამისა, პარლამენტში შინაგან საქმეთა მინისტრს გიორგი გახარიას და მთავარ პროკურორს, შალვა თადუმაძეს იბარებს.
პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, „ევროპული საქართველოს“ წევრების ასეთი ულტიმატუმით გამოსვლა 7 ნოემბერს სწორი საქციელი არ არის.