“ივანიშვილმა ვერ ისწავლა პოლიტიკა, ამიტომ საკუთარ მახეში გაება. მან ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ პოლიტიკური ცხოვრება ქვეყანაში ვერ განვითარებულიყო”, _ აღნიშნა “გურია ნიუსთან” საუბრისას“ „რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბერძენიშვილმა.
ბერძენიშვილი მიიჩნევს, რომ ვაშაძემ, გამარჯვების შემთხვევაში სააკაშვილს მოქალაქეობა უნდა მიანიჭოს, რადგან “ერთი არაფორმალური პოლიტიკური ლიდერისგან გათავისუფლების დაწყება და მეორე არაფორმალური პოლიტიკური ლიდერის მიმართ მხარდაჭერის გამოცხადება არ არის ნორმალური პოლიტიკური პროცესი.”
_ ბატონო დავით, „ქართული ოცნებას“ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში სალომე ზურაბიშვილის გასამარჯვებლად, ოპოზიციის მტკიცებით, მთელი სახელისუფლებო რესურსი აქვს ჩართული. ამას ემატება ისიც, რომ მმართველი პარტია საზოგადოების გულის მოსაგებად, გარკვეულ პოლიტიკურ კომპრომისებზე წავიდა, მათ შორის, ოთარ ფარცხალაძეს ბრალის წარუდგინა და პარლამენტიდან კანაფის კულტივაციის შესახებ კანონპროექტი გაიწვია. ამ ფონზე, როგორ ფიქრობთ, სალომე ზურაბიშვილის მიმართ ამომრჩეველთა განწყობა შეიცვლება?
_ ნაკლებად ვვარაუდობ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ არაპირდაპირი მოსყიდვით ბევრი ამომრჩეველი მიიმხროს. ბუნებრივია, მმართველი პარტია შავი ფულითაც შეეცდება ამომრჩეველთა გადაბირებას, მაგრამ საარჩევნო პროცესზე აღნიშნულს მნიშვნელოვანი გავლენა არ ექნება.
ბიძინა ივანიშვილმა წინასაარჩევნო კამპანიაში, ე.წ. ძველი გვარდიის აბსოლუტურად გაკოტრებული ადამიანები ჩართო. ირმა ინაშვილს რომ შეშურდება, ისეთი პრორუსულობით, უცოდინარობითა და სიბნელით ცნობილი ადამიანები, მათ შორის, ოლეგ იაძე, რომელიც პატარა ბიძინა ვარო გაიძახოდა.
გრიგოლ ვაშაძეს აქვს ძალიან დიდი სასტარტო უპირატესობა. დავით ბაქრაძისთვის მიცემული ხმები თითქმის მთლიანად გადავა ვაშაძესთან. „ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩევლებისთვის „ევროპული საქართველო“ მეორე არჩევანია და განსაკუთრებით პირიქით, „ევროპული საქართველოს“ ამომრჩევლებისთვის „ნაციონალური მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე თითქმის ისეთივე შინაური და ღირებულია, როგორც დავით ბაქრაძე.
უნდა აღინიშნოს, რომ სუს-ი ძალიან მძიმედ არის ჩართული წინასაარჩევნო კამპანიაში. ასეთი აქტიურობა დემოკრატიის მინიმალურ სტანდარტებსაც კი სცილდება.
როგორ შეიძლება ელჩი გამოიძახო და მიავლინო საარჩევნო პროცესში ისე, როგორც აჭარაში მოხდა. როდესაც სპეცსამსახურები და ელჩები მუშაობენ საპრეზიდენტო კანდიდატის გამარჯვებისთვის, ნიშნავს, რომ ქვეყანაში დემოკრატიის მინიმალური სტანდარტიც კი არ არსებობს.
_ გრიგოლ ვაშაძის, რომელსაც თქვენმა პარტიამ საპრეზიდენტო არჩევნებში მხარდაჭერა გამოუცხადა, რუსი პიარტექნოლოგი ვიტალი შკლიაროვი აცხადებს, რომ დეკემბერში საქართველოში რევოლუციაა მოსალოდნელი. იმ შემთხვევაში თუ გრიგოლ ვაშაძემ გაიმარჯვა და მდგომარეობა ამ სცენარით წარიმართა, „რესპუბლიკურ პარტიას“ რა როლი ექნება ამ პროცესებში? ამასთან, აპირებთ სამომავლოდ, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ თანამშრომლობის გაგრძელებას?
_ გამარჯვებული ძალა არ აწყობს რევოლუციას და მითუმეტეს, დამარცხებული ვერ მოაწყობს თუ სათანადო მხარდამჭერი აქ ჰყავს.
ამომრჩეველმა გადაწყვიტა, რომ ბიძინა ივანიშვილის კანდიდატი დამარცხდეს. ჩვენც მიგვაჩნია, რომ სალომე ზურაბიშვილის დამარცხება ქვეყნისთვის უფრო სასარგებლოა, ვიდრე მისი გამარჯვება, ამიტომ მხარი დავუჭირეთ გრიგოლ ვაშაძეს.
რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, გრიგოლ ვაშაძის მხარდაჭერის სანაცვლოდ, ოპოზიციურ პარტიასთან არანაირი წინაპირობა არ დაგვიყენებია, რაიმე სახის შეთანხმებებზე არ გვისაუბრია. ყველაფერს პოლიტიკური მომავალი გვიჩვენებს.
არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე ღიად დავწერე, რომ დღევანდელ პოლიტიკურ სპექტრს ბიძინა ივანიშვილმა მრავალპარტიული სისტემის შექმნის შანსი არ დაუტოვა. იმედი გვაქვს, რომ ახლა მაინც მოგვეცემა მრავალპარტიულ სისტემაზე გადასვლის შანსი.
_“ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად აპირებთ მრავალპარტიული სისტემის შექმნას?
_ ქართველი ამომრჩევლის მიერ „ნაციონალური მოძრაობა“ მკაფიოდ გადაიქცა ქართული ოპოზიციის ლიდერად. ისეთ ლიდერად, რომელიც შემძლეა “ ქართული ოცნება“ დაამარცხოს. ასეთ ვითარებაში „ნაციონალური მოძრაობის“ გარეშე წარმოუდგენელია ქართული პოლიტიკური სპექტრის შექმნა.
გრიგოლ ვაშაძის გაპრეზიდენტების შემთხვევაში მოველი და ვფიქრობ, მისი მხრიდან ჭკვიანური ნაბიჯი იქნება, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ფავორიტ ლიდერს, მიხეილ სააკაშვილს მოქალაქეობა მიანიჭოს, იმიტომ, რომ ერთი არაფორმალური პოლიტიკური ლიდერისგან გათავისუფლების დაწყება და მეორე არაფორმალური პოლიტიკური ლიდერის მიმართ მხარდაჭერის გამოცხადება არ არის ნორმალური პოლიტიკური პროცესი.
_ მას შემდეგ, რაც სალომე ზურაბიშვილმა საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში ვერ გაიმარჯვა, “ქართული ოცნება _ დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა დასახმარებლად ძველ გვარდიას მოუხმო. როგორ ფიქრობთ, ძველ გვარდიას შესწევს ძალა იმისა, რომ ქვეყანაში არსებული პრობლემები გადაჭრას? ამასთან, ივანიშვილის მხრიდან არალოგიკური ხომ არ არის ძველი გვარდიის შემოერთებაზე საუბარი, მაშინ, როცა “ოცნების“ ლიდერი საზოგადოებას პარტიის ახალი სახეებით დაკომპლექტებას დაჰპირდა?
_ ბუნებრივია, ალოგიკურია. თან იძახის ძველ გვარდიას დავაბრუნებთო და პარალელურად, ამბობს, სულ განახლებული შემადგენლობა უნდა მყავდესო. მისთვის პარტიის განახლება არის კარგად დავიწყებული ძველის მოყვანა პარტიაში.
ბიძინა ივანიშვილისთვის ახალი არის ჯაჭვლიანი. ივანიშვილმა არ იცის პოლიტიკური მენეჯმენტი. ივანიშვილმა იცის პოსტსაბჭოთა ბიზნესმენეჯმენტი, რომელიც ძალიან შორს არის ნორმალური ბიზნესმენეჯმენტისგან.
ივანიშვილმა ვერ ისწავლა პოლიტიკა, ამიტომ საკუთარ მახეში გაება. მან ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ პოლიტიკური ცხოვრება ქვეყანაში ვერ განვითარებულიყო. „რესპუბლიკელებსა“ და „თავისუფალ დემოკრატებს“ გვებრძოდა ყველაზე მეტად.
ჩვენ წავაგეთ, მაგრამ გადავრჩით პოლიტიკურ სივრცეში და ამჟამად შეიქმნა ისეთი პოლიტიკური რეალობა, რომ „რესპუბლიკელების“ ფასი ძალიან მნიშვნელოვანია.
_ შვილმოკლული მამები მალხაზ მაჩალიკაშვილი და ზაზა სარალიძე საზარელი მკვლელობებიდან ერთი წლის თავზე სამართალს კვლავ ეძებენ. როგორ ფიქრობთ, მმართველ პარტიას რა მოტივით არ სურს საქმეების ობიექტურად გამოძიება?
_ მალხაზ მაჩალიკაშვილის შვილის მკვლელობა ბუტა რობაქიძის მკვლელობის იდენტურია.
ზაზა სარალიძეს ეუბნებიან, შენი შვილის მკვლელობა რა კავშირშია გვირგვლიანი მკვლელობასთანო?! რაც არანაირ ლოგიკაში ჯდება. არც ერთ ხელისუფლებას უკადრებია სახელისუფლებო პროპაგანდის გამო შვილმკვდარი მშობლების დაპირისპირება, ეს მოახერხა „ქართულმა ოცნებამ“, რომელიც დღეს ამ ადამიანების შვილების მკვლელებს ხელს აფარებს.