,,საქართველოს ბუნება მადლიანია, უხვი მოსავლისათვის დიდი შრომა არ არის საჭირო. დედაჩემი რუსი იყო და ხშირად მიყვებოდა: როდესაც პირველად ჩამოვედი ლანჩხუთში, რამდენიმე დღის შემდეგ ვიკითხე, კი მაგრამ, გლეხები სად არიან-მეთქი, ყანაში მომუშავე ვერავინ დავინახე…” რეჯებ ჟორდანიას მოგონებებიდან.
რაიონის ტერიტორია მდებარეობს დასავლეთ საქართველოს ნოტიო სუბტროპიკული ჰავის ზონაში, რის გამო იქ ხელსაყრელი პირობები არსებობს ჩაისა და სუბტროპიკული კულტურის გასაშენებლად.
რაიონის ჰავაზე დიდ გავლენას ახდენს შავი ზღვა, საიდანაც წყლის ორთქლად გაჯერებულ ჰაერის მასას მთელი წლის განმავლობაში უხვი ატმოსფერული ნალექები მოაქვს, მაგრამ აჭარასთან შედარებით რაიონის ტერიტორიაზე წლიური ატმოსფერული ნალექების რაოდენობა მაინც მცირეა. ჩაქვში ატმოსფერული ნალექების წლიური ჯამი 2800 მმ-ს აღწევს, ფოთში – 1600 მმ-ს, სუფსაში 1450 მმ-ს, ხოლო ლანჩხუთში 1400 მმ-ს. აჭარაში უხვი ატმოსფერული ნალექი გამოწვეულია ჩაქვის ქედის ზღვის სანაპიროსთან სიახლოვით. ჩაქვის ქედიდან ჩრდილოეთით კოლხეთის დაბლობის შუა ნაწილში სანაპირო ზოლი უფრო გაშლილია და მთებიც შორდებიან ნაპირს, რომლის ჩრდილოეთით დაბლობ ტერიტორიაზე ჰაერის მასას თავისუფალი მოძრაობის საშუალება აქვს, რის გამოც იგი იფანტება და იქ შედარებით მცირე ნალექებს ტოვებს, ვიდრე აჭარაში.
,,ჰავა აქ ნოტიოა და მეტად უძლური ადგილობრივ უმშრალ-ჭაობების (ნოყო) წყალობითა, რომელიც გველ-ბაყაყებით დახავსებულია და ზაფხულში, ცხარე მზიანს სიცხეში, ასდის მავნე სუნი და ორთქლი, რითაც მკვიდრნი იწამლ-ხაშმებიან.. ციებ-ცხელების მიზეზიც ეს გახლავთ, რომ აქ წლითი-წლობით ჩათესილია მკვიდრთა შორის და ბევრსაც ასალმებს წუთის სოფელსა. ციებ-ცხელება ქათმებსა და ძაღლებსაც კი ერევათ და ეს სნეულება აქ ისეა გაჩვეულებული, როგორც მეკკაში ხოლერა”, წერდა ჟურნალისტი კონსტანტინე გვარამაძე. შემდეგ ავტორი აღნიშნავს, რომ ,,1892 წლის ხოლერა, რომელმაც ბევრგან და მთელს საქართველოშიაც მრავალი ხალხი იმსხვერპლა, აქ გურიაში შემთხვევაც არ ყოფილა ვინმე გამხდარიყოს ხოლერით ავათ და მომკვდარიყოს. ეს გარემოება მიეწერება იმას, რომ სანიტარულათ დაცულ არიან აქაურები. გურული საზოგადოთ სუფთად ცხოვრობს. სახლი კარი, ეზო ისეთი დასუფთავებული აქვს, რომ მნახველს შეახარბებს მასა. ტანისამოსის და საცვლების ცვლა სუფთად უყვართ. ასევე წმინდათ ამზადებენ და სჭამენ სასმელ-საჭმელსა, წარმოიდგინეთ ხილსაც კი გურულები გაურეცხავად და გაუფცქვნელად არ მიირთმევენ”.
განსხვავებაა არა მარტო ატმოსფერული ნალექების რაოდენობაში, არამედ ტემპერატურაშიც. მაგალითად ბათუმში იანვრის საშუალო ტემპერატურა +6+7 გრადუსია, სუფსაში +2,8, ლანჩხუთში +2,7.Yყველაზე ცხელი თვეებია ივნისი და ივლისი, მშრალი – აპრილი და მაისი. ყველაზე მეტი ნალექიანობით ხასიათდება აგვისტო და ნოემბერი.
ნალექების წარმოშობასა და მიმართულებაზე დიდ გავლენას ახდენს ზღვის სიახლოვე. გამოირჩევა ქარის ორი ტიპი – სეზონური, ანუ მუსონური და დღეღამური, ანუ ბრიზები. სეზონური ქარები ზამთრობით ქრიან ჩრდილო-აღმოსავლეთიდან. ლანჩხუთის რაიონში ქარებიანი დღეები ყველაზე მეტად თებერვალშია, თუმცა ძლიერი ქარებით მარტი ხასიათდება. ამ ქარებს ადგილობრივები ზენას უწოდებენ.
,,როცა ივანემ პალიასტომს მიუწია, დაღამდა კიდეც. თუმცაღა მოიწმინდა, მაგრამ უმთვარო ღამე იყო და ბნელოდა. თან ცოტა ქარმაც მოუბერა. ,,ბიჭო, სიდან ამოგირგილდა აი წყეული ზენაის ბინდი”, – უკმაყოფილოდ სთქვა ივანემ, მერე შეხედა ცას და დაატანა: – ვარსკვლავები ისთე ცქრიალებს, რომ ქარი იმატებს.” (ეგნატე ნინოშვილი ,,პალიასტომის ტბა”).
აღმოსავლეთ ქარებს ზაფხულობით ცვლის დასავლეთის ხანმოკლე და ზღვის ნოტიო ქარები. დასავლეთის ქარები უმეტესად ივლისსა და აგვისტოში ქრის, ხალხი მას ქვენას უწოდებს. მეორე ტიპის ქარები ბრიზები უფრო მეტად იცის ზაფხულში. დღისით ქრის ზღვიდან ხმელეთისაკენ, ღამით პირიქით. ხალხი ამ ქარებს უწოდებს იმბათს.
,,ნიგოითის მთა თითქმის მთელ იმერეთსა საზღვრავს გურიისაგან აღმოსავლეთით და ჩრდილოეთზე კი – სამეგრელოსა (ოდიშსა) და მდ. რიონთან ერთად. ეს მთები დიდ სამსახურს უწევენ გურიასა, რადგან არ უშვებენ იმერეთიდგან გურიაში მავნე ზენა ქარს, რომელიც დიდს ზარალს აძლევს იმერეთს.
დიაღ, აქ მოკლებულია ზენა ქარი, მაგრამ ქვენაც კი არ აკლია, რომელიც ხშირად გრიგალად გადაიქცევა ხოლმე და ბევრს ზარალს აძლევს გურიას.
თუ არ ვსცდები, მგონია 1895 წელში იმისთანა ქარი ამოვარდა ქვენათი, რომ რაც კი საუკეთესო ხეხილები – ნიგვზები, ლეღვები, ვაშლები და სხვა იყო, სულ ძირში დათხარა, რომელთაც ძირი მკვიდრად ჰქონდათ და ვერ წააქცია, იმისთანები წელში გატეხა და დაამსხვრია. იმ ქარმა 60, 000 მანეთამდე ზარალი მისცა გურიას”. (გურია, მხარის კვლევა-ძიების შედეგები)
ამონარიდი მომავალი წიგნიდან ,,ლანჩხუთი’
ავტორები: ირაკლი მახარაძე, ნონა იმნაძე და ლანჩხუთის მხარეთმცოდნეობის თანამშრომლები