20 ნოემბერს, სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გელა ხანიშვილი ოზურგეთში იმყოფებოდა, სადაც ჩოხატაურელ და ოზურგეთელ ფერმერებს შეხვდა.
შეხვედრას ესწრებოდნენ გურიის მხარის გუბერნატორი ზურაბ ნასარაია, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ვიცე-მერი ალექსანდრე სურგულაძე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ეკონომიკური სამსახურის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენლები და ჟურნალისტები.
გელა ხანიშვილმა ზოგადად ისაუბრა გურიაში შეღავათიანი კრედიტების და რეგიონში გასახორციელებელი პროექტების შესახებ და თქვა, რომ მხარეში ოთხმოცი მიმართულების პროექტია ჩადებული. ასევე, ისაუბრა თხილის მასიური დაავადების შესახებ, რაც გულის სიდამპლეს ეხება. აღნიშნა, რომ წლევანდელი წელი დადებითი ტენდენციით ხასიათდება _ იყო უხვი მოსავალი ყველა მიმართულებით.
შეხვედრაზე ხვარბეთელმა ფერმერმა, პედაგოგმა მაგული ჯინჭარაძემ ხაზი გაუსვა სოფელში მცხოვრები ხალხის უკიდურესად მძიმე ეკონომიკურ ყოფას:
_ სოფელი არის ქვეყნის განვითარების ხერხემალი და ეს ხერხემალი შუაზე არის გადატეხილი _ ირგვლივ სულ გაჭირვებაზე საუბარი ისმის. მეზობელმა მითხრა, ძროხა უნდა გავყიდო, ჩემთვის არ მაქვს საჭმელი და ძროხას რა ვაჭამოო? ხალხი რომ რვაჯერ ვერ მოწამლავს თხილის თუ მანდარინის პლანტაციას, ამის გაგება ვიღაცას არ სურს. სული ხდება მოსახლეობას გაჭირვებით. მე, პირადად, ციტრუსის მოვლა-მოკრეფა მთლიანი შემოსავლის მიხედვით, კილოგრამზე ორმოცი თეთრი მიჯდება. რაღა დამრჩა? ვისაც დამხმარე ჰყავს სახლში, ცოტა უფრო ნაკლები დაუჯდება, მაგრამ ეს არ არის შეღავათი. აუცილებელია ციტრუსზე ფასის მომატება, ეს კი შეიძლება თბილისის ბაზრის დაცვით _ მთელი თბილისი სხვა ქვეყნების ციტრუსოვნებით არის სავსე. მილიონობით პროდუქციას ვუსაღებთ და ეს მანდარინი მაინც დაგვითმონ.
თხილზე ვინმე დაგვეხმარა? აქ რომ სამი ლარი ღირდა ერთი კილოგრამი და მეზობელ ქვეყანაში _ თორმეტი, ვინმემ შეუშვა იქ ჩვენი გლეხი და გააყიდინა თხილი? გთხოვთ, მთავრობამდე მიიტანოთ ჩვენი თხოვნა _ გაგვითავისუფლეთ თბილისის ბაზარი უცხოური ციტრუსოვნებისგან, _ მიმართა მაგული ჯინჭარაძემ მინისტრის მოადგილეს.
მინისტრის მოადგილემ თავისებური ახსნა მოუძებნა ამ ფაქტს და პასუხად უთხრა, რომ არ შეიძლება მსჯელობა იმაზე, ქვეყანაში უცხო ქვეყნების პროდუქცია არ შემოვუშვათ:
_ ჩაკეტილი რომ ვიყავით, პური რომ ტალონებზე იყო, ის იყო ძალიან ცუდი პერიოდი, _ თქვა მან. თუმცა, როგორც მინისტრის მოადგილეს მაგული ჯინჭარაძემ მიმართა, ის ბაზრიდან სხვა ქვეყნების პროდუქციის გაძევებისკენ კი არ მოუწოდებს ხელისუფლება, არამედ ქართული ციტრუსოვნებისთვისაც ითხოვს ადგილს.
შეხვედრის შემდეგ “გურია ნიუსი” გელა ხანიშვილს ესაუბრა.
_ ბატონო გელა, თქვენ ისაუბრეთ წარმატებულ პროექტებზე, თუმცა, ეს არის ცალკეული ნათელი წერტილები. ზოგადად, სოფელი წელში ვერ გაიმართა.
_ ათას ხუთასი პროექტი გახორციელდა. ეს ცალკეული წერტილებია?
_ თქვენ გამოსვლა იაფ კრედიტზე საუბრით დაიწყეთ _ ფერმერი მხოლოდ სამ პროცენტს იხდის, თერთმეტს კი სახელმწიფო უფინანსებს. ეს პირობები მხოლოდ გარეგნულადაა მომხიბვლელი და ბანკში მისულს კრედიტისთვის ქონებრივ უზრუნველყოფას სთხოვენ, რაც მას არ გააჩნია.
_ აბა, ისე როგორ იქნება?
_ და საამისოდ საჭიროა მიწა ან სახლი ზღვისპირეთში, სოფლის მიწით კი კრედიტის უზრუნველყოფა არ ხდება. შესაძლებელია თუ არა უფრო გამარტივებული ფინანსური მხარდაჭერა?
_ თუ კრედიტი უნდა, მიწაც უნდა ჰქონდეს შესაბამისი ღირებულების.
_ ბატონო გელა, თხილის სიდამპლის მიზეზად კაშხლების მშენებლობასაც ასახელებენ. ამბობენ, რომ ეს ყველაფერი განსხვავებულ მიკროკლიმატს ქმნის, იმატებს ტენიანობა, ირღვევა ბუნებრივი პროცესები და თხილის სიდამპლეც ამან გამოიწვია.
_ ზღვა აქ არის და ეს არ მომხდარა. მე, როგორც დილეტანტი ამ სფეროში, ასე ვიტყვი _ მეტი არ ვიცი…
_ თქვენ თქვით, რომ თხილის სიდამპლის წინააღმდეგ საბრძოლველად სახელმწიფომ ორმოცდაათი მილიონი გამოყო. ხალხი, გაჭირვების გამო, ითხოვს პესტიციდების საყიდლად ფულად დახმარებას. ასევე, პრეპარატების სპეციალიზებულ მაღაზიას, სადაც გამყიდველი კი არა, კონსულტანტი გააცნობს წამლის ავკარგიანობას.
_ ამის შესახებ მე უკვე გესაუბრეთ. რაც შეეხება ერთ ჰექტარზე წლის განმავლობაში პესტიციდის ღირებულებას, სულ ასორმოცდაათი ლარის სჭირდება.
_ ნამდვილად არ ყოფნის ასორმოცდაათი ლარი, თუმცა, ესეც არ აქვს უმრავლესობას.
_ აბა, რამდენი სჭირდება? ვის აქვს გურიაში ერთი ჰექტარ ფართობზე თხილი გაშენებული?
_ მე მაქვს და ჩემ მეზობლებს.
_ ერთ ჰექტარს ჰყოფნის ასორმოცდაათი ლარის პესტიციდი, _ გაიმეორა ხანიშვილმა.
გასაკვირია, რატომ უმტკიცებდა მინისტრის მოადგილე ამას ადამიანებს, ვისაც ერთი ჰექტარი ფართობის შესაწამლად წელიწადში სულ ცოტა, ოთხასი ლარის პესტიციდი დასჭირდა _ რეგიონის მოსახლეობას ასეთ ფასზე ხელი ნამდვილად არ მიუწვდება.
ამასთანავე, როგორც ჩანს, ხანიშვილი ფიქრობს, რომ მცირემიწიან გურიაში მოსახლეობის ძირითად ნაწილს მიწის მცირე ფართობზე აქვს თხილი გაშენებული.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, “გურია ნიუსი” გაესაუბრა მაგული ჯინჭარაძეს, რომელიც აპირებს პრემიერ-მინისტრს განცხადებით მიმართოს.
_ სასწრაფოდ რაღაც უნდა ეშველოს ქართულ სოფელს. დღევანდელი შეხვედრის კმაყოფილი მე არ ვარ. არ შეიძლება, საკუთარი აზრი, როგორც უნდათ, ისე მოგახვიონ თავს. ვიგრძენი, რომ მინისტრის მოადგილემ მხარი არ დამიჭირა. მე სხვა ქვეყნების პროდუქციის განდევნას კი არ ვითხოვ, მინდა, ქართულ მანდარინს, ჩვენს პროდუქციას გაუთავისუფლონ თბილისის ბაზარი. დიდი ეჭვი მაქვს, რომ ამას ისევ ხელისუფლების მფარველობით აკეთებენ. ცოტა პროდუქცია შემოდის უცხოეთიდან? თავისუფალი ვაჭრობა არის ცალმხრივი. მანდარინის გაყიდვა მაინც დაგვანებონ. საქართველო სწორედაც ერთადერთი ქვეყანაა მთელ მსოფლიოში, სადაც ხალხი მუშაობს და არაფერი რჩებათ. ამიტომ დაიცალა ქართული სოფელი. არ გავჩერდები, სანამ პრემიერ-მინისტრამდე არ მივიტან ჩემს სიტყვას _ იმედი მაქვს, რომ “გურია ნიუსი” დამეხმარება ამ საქმეში. ჩვენ არ გვჭირდება დემაგოგიური საუბარი _ ადგილზე მოვიდნენ და გაეცნონ ხალხის ცხოვრებას, _ გვითხრა ქალბატონმა მაგულიმ.