„ქართული ოცნება“ პოლიტიკურ პარტიად, იდეოლოგიური, პოლიტიკური თუ ორგანიზაციული თვალსაზრისით, ჯერ კიდევ ვერ ჩამოყალიბდა, აქედან გამომდინარე, რთულია ამ პარტიის პოლიტიკურ მომავალზე ისაუბრო“,_ აღნიშნა პოლიტიკის ექსპერტმა ვაჟა ბერიძემ მმართველი პარტიის შესაძლო დაშლასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ.
ბერიძე „გურია ნიუსთან“ ვარაუდობს, რომ „ქართული ოცნების“ დაშლა, ჯერჯერობით, დღის წესრიგში არ დგას.
„ქართულ ოცნებაში“ არსებობენ კალაძე-კობახიძის დაჯგუფებები, რომლებიც რეალურად მთელ პროცესებს მართავენ. სხვა ჯგუფები კი, რომლებიც პარტიაში არიან, ფაქტობრივად, უუფლებონი დარჩნენ. აღნიშნული რამდენად შეიძლება გახდეს „ქართული ოცნების“ დაშლის საფუძველი, ამაზე საუბარი, ჯერჯერობით, რთული და ნაადრევია. ნათელია, რომ საქართველოში პოლიტიკურ ბაზარზე ახალი ინტელექტუალური სუბიექტების ჩამოსაყალიბებლად, ფინანსური და ინტელექტუალური რესურსი არ არსებობს, რაც ძალიან ცუდია.
მაინც ვვარაუდობ, რომ სანამ „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაშია, პარტია არ დაიშლება. „ოცნება“ დაიშლება მხოლოდ ერთ შემთხვევაში, როცა ხელისუფლებიდან წავა. ბუნებრივია, მმართველ გუნდში ფარული დინებები არის, რასაც პარტიიდან გარკვეული პირების გასვლა მოჰყვება, რომლებიც ლიდერებად ნამდვილად ვერ ჩამოყალიბდებიან“,_ აღნიშნა ბერიძემ.