საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უზრუნველყოს მომიტინგეთა შესაძლებლობა, გადაადგილდნენ თავისუფლად თელავის მიმართულებით, მანიფესტაციის გამართვის მიზნით, _აღნიშნულია ნინო ლომჯარიას მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ლომჯარიას თქმით, “აღნიშნული წარმოადგენს მათ კონსტიტუციურ უფლებას, რომელიც არ შეიძლება შეიზღუდოს კანონით გაუთვალისწინებელი მიზნებით”.
“საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი აკვირდება მიმდინარე მოვლენებს და თავისი კომპეტენციის ფარგლებში შეისწავლის შეკრებისა და მანიფესტაციის შეზღუდვის კანონიერების საკითხს. ამავდროულად, საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს აქციის ორგანიზატორებს და მოქალაქეებს, არ დაარღვიონ კანონმდებლობა, რათა შეკრება და მანიფესტაცია კონსტიტუციურ ფარგლებში წარიმართოს,”_ წერია განცხადებაში.
გურჯაანში მიმდინარე ნაციონალური მოძრაობის აქციაზე დაძაბული ვითარებაა. ნაციონალები პოლიციის კორდონის გარღვევასა და თელავის მიმართულებით გზის გაგრძელებას ცდილობენ. გურჯაანში სამართალდამცველებმა რამდენიმე ადგილას გადაკეტეს გზა ავტობუსებით და საპატრულო პოლიციის მანქანებით.
ისინი აქციის მონაწილეებს თელავისკენ გზის გაგრძელების საშუალება არ აძლევდნენ და სხვა მიმართულებით გადაადგილებისკენ მოუწოდებდნენ. თუმცა, ოპოზიცია ალტერნატიულ გზაზე უარს ამბობს.
თელავში, სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია ერეკლე მეფის სასახლის ეზოში დღეს, 15:00 საათზე დაიწყება და 40 წუთს გასტანს.