„აქ იქნება თქვენი სახლი, მოგიწვევთ და ყველაფერზე გესაუბრებით“, _ ასე მიმართა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ათონელის სასახლეში ჟურნალისტებს.
პრეზიდენტი ჟურნალისტებთან ურთიერთობას სხვა ფორმატითაც გეგმავს.
„მაქვს სხვა აზრებიც, რომ ჩვენ გვქონდეს სხვა ფორმატშიც ურთიერთობა, რომ შემეძლოს თქვენთან ისე საუბარი off record. საკითხებზე, რომელიც საჭიროა თქვენ იცოდეთ და არ არის აუცილებელი, რომ იმ წამსვე გახდეს საჯარო ინფორმაცია.
მქონდა ასეთი ფორმატი საგარეო საქმეთა სამინისტროში, რომელსაც ერქვა “ჩემი პრესკლუბი” და ამგვარი ფორმატი ყველასთვის საინტერესო იქნება და ვეცდები, რომ ახლო მომავალში ამ ფორმატში მუშაობა დავიწყოთ“, _ აღნიშნა ზურაბიშვილმა.