ოზურგეთში (შეკვეთილში) სასტუმრო “პარაგრაფ რეზორტში“ ახალი პლატფორმა _ “ქალები გურიისთვის“ ჩამოყალიბდა, მანამდე კი “მეწარმე ქალთა ფორუმი“ გაიმართა. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქალი წევრების: მარიკა ჩხიკვიშვილის, ხათუნა ცერცვაძისა და ქეთი ვასაძის ინიციატივითა და გურიის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციასთან პარტნიორობით ,,მეწარმე ქალთა ფორუმი“ პირველად გაიმართა.
პროექტი მიზნად ისახავს ქალებისათვის დაფინანსების წყაროებზე ხელმისაწვდომობის ზრდის ხელშეწყობას, ქალი მეწარმეების ქსელის ჩამოყალიბებას ინფორმაციის გაცვლისათვის, ისევე, როგორც გამოცდილებისა და ,,ნოუ-ჰაუს“ გაზიარებისათვის. პროექტის ფარგლებში მეწარმე ქალებისთვის იგეგმება ტრენინგების ჩატარება, ასევე, გურიის რეგიონის სამივე მუნიციპალიტეტის თანადაფინანსებით გაიცემა მცირე გრანტები. ქალი მეწარმის როლსა და გაძლიერებაზე ისაუბრეს მიწვეულმა სტუმრებმა, როგორც სამთავრობო, ისე არასამთავრობო სექტორის წარმომადგნელებმა. ადგილზე ქალ მეწარმეებს საშუალება მიეცათ, ინფორმაცია მიეღოთ დაფინანსებისა და სხვა შესაძლებლობების შესახებ, ექსპერტებისგან, ასევე, სხვადასხვა ფინანსური და საერთაშორისო ორგანიზაციებიდან, მათ შორისაა: „აწარმოე საქართველო“, ევროპის ფონდი, სავაჭრო პალატა და სხვა. გაიმართა დისკუსია მეწარმეებისთვის აქტუალურ საკითხებზე.
დისკუსიის დროს, “საქართველოს ბანკის“ და “თიბისი ბანკის“ წარმომადგენლებს მიმართა ოზურგეთის საოჯახო სასტუმროს, ერთ-ერთმა მეპატრონემ ნაზი ჯაველიძემ.
“71 წლის ქალი ვარ და მინდა ჩემი ბიზნესის გაფართოება, მაგრამ არც ერთი ბანკის ამის შესაძლებლობას არ მაძლევს. პასუხი კი ძალიან მიუღებელია ჩემთვის _ ბანკში მეუბნებიან, რომ ასაკის გამო ვერ მაძლევენ სესხს. არადა, ჯერ არსად ვაპირებ წასვლას და ამ საქმეში თუ ვინმე მომეხმარება, ჩემთვის დიდი საჩუქარი იქნება“, _ თქვა შეხვედრაზე ნაზი ჯაველიძემ.
ბანკის წარმომადგენლებმა მას კონკრეტული პასუხი ვერ გაცეს, მაგრამ სპეციალურ შეხვედრაზე ნაზი ჯაველიძე მიიწვია “თიბისი ბანკმა“.