„ქართულ ოცნებაში“ პრობლემები მაშინ დაიწყო, როცა მმართველი პარტიის წარმომადგენლებს ქვეყნის ერთპარტიულად მართვა თავად მოუნდათ. დიდი ხანია ცნობილი იყო, რომ ეკა ბესელია თანამდებობიდან უნდა წასულიყო. მან უნიკალური პოლიტიკური სიცოცხლისუნარიანობა გამოავლინა, „ქართულ ოცნებას“ ფანტასტიკური პოლიტიკური სალტო აჩვენა და თანამდებობა მისთვის ყველაზე ხელსაყრელ დროს დატოვა“, _ აღნიშნა „გურია ნიუსთან“ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ყოფილმა სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა.
მისი თქმით, ეკა ბესელია ყოველთვის ებრძოდა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დროს მოქმედ არაკეთილსინდისიერ მოსამართლეებს.
„ცნობილი იყო, რომ ეკა ბესელია სააკაშვილის დროინდელ არაკეთილსინდისიერ მოსამართლეებს ყოველთვის ებრძოდა, ამიტომ ვერავინ შეედავება, რომ სასამართლო სისტემაში არსებული მანკიერების აღმოსაფხვრის მიზნით ბრძოლა ახლა დაიწყო“, _ აღნიშნა ზაქარეიშვილმა.
ზაქარეიშვილი არ გამორიცხავს, რომ ეკა ბესელიამ „ქართული ოცნება“ დატოვოს და საკუთარ თანამოაზრეებთან ერთად ახალი ფრაქცია შექმნას.
„ამ პერიოდის განმავლობაში, ბესელია იმდენად თამამ ნაბიჯებს დგამს, რომ არ გამოვრიცხავ, ცალკე ძალა შექმნას, რომელიც, შესაძლოა, მომავალში ანგარიშგასაწევ პარტიად ჩამოყალიბდეს. ჩანს, რომ ეკა ბესელიას მხოლოდ საკუთარი თავის გადარჩენა კი არ სურს, არამედ მისი მიზანი იმ ადამიანების გადარჩენაც არის, რომლებიც მის შეხედულებებს იზიარებენ. უდავოა, მმართველი პარტიის წარმომადგენლებს შორის კომპრომატებით ბრძოლა დაიწყება, თუმცა, საზოგადოებას ის კი არ ანაღვლებს, ვინ დარჩება „ქართულ ოცნებაში“, არამედ ხალხს სასამართლო სისტემაში არსებული პრობლემები აწუხებს, რომლებიც თითოეულ მოქალაქეს შეეხება“, _ აღნიშნა პაატა ზაქარეიშვილმა.