მალაიზიაში 8-9 წლის ასაკის მოსწავლე გოგონებისთვის განკუთვნილმა სახელმძღვანელომ მშობლების აღშფოთება გამოიწვია, განათლების მინისტრმა კი სახელმძღვანელოში გვერდის შეცვლის შესახებ მიიღო გადაწყვეტილება. აღნიშნულ ინფორმაციას REUTERS ავრცელებს.
მაუწყებლის ინფორმაციით, სახელმძღვანელო გოგონებს მოუწოდებს, რომ დახურულ კარს მიღმა გამოიცვალონ, მარტომ არ იარონ წყნარ ადგილებში და ატარონ სამოსი, რომელიც მათ სხეულს სრულად დაფარავს, თუ კი არ სურთ, რომ სქესობრივი ძალადობის მსხვერპლნი გახდნენ და ოჯახი შეარცხვინონ.
მშობლების თქმით, წიგნში ცვლილების შეტანა კარგია, რადგან იქმნებოდა შთაბეჭდილება, თითქოს გაუპატიურება ყოველთვის ქალის ჩაცმულობის ბრალია.
THE GUARDIAN-ის ინფორმაციით, სახელმძღვანელოს გვერდი სოციალურ მედიაში ცოტა ხნის წინ გავრცელდა და განათლების მინისტრმა ილუსტრაციას სექსისტური უწოდა.
მისი თქმით, სახელმძღვანელო შეცვლილი გვერდით სკოლებს 29 იანვრისთვის გადაეცემათ.
მალაიზიის განათლების მინისტრი იმედოვნებს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებთან და ექსპერტებთან ერთად მუშაობის შედეგად ქვეყანაში სქესობრივი განათლება ტაბუდადებული თემა აღარ იქნება.
ცნობისთვის, ხელისუფლება გასულ წელს გეგმავდა მუსლიმი ქალებისთვის დრესკოდის დაწესებას სამუშაო ადგილებზე, რასაც პროტესტი მოჰყვა. აქტივისტებმა ხელისუფლებას „მოდის პოლიცია“ უწოდეს.