„მართლმსაჯულება გადასარჩენია“, „უვადო ჩინჩალაძე= უვადო უსამართლობას“, „გაათავისუფლეთ სასამართლო“, „კლანური მმართველობა დასრულეს“_ამ მოთხოვნებით თბილისში, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შენობასთან არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა საპროტესტო აქცია- „მართლმსაჯულების გადასარჩენად“ გაიმართეს.
მათი თქმით, სასამართლო შეუქცევადად კარგავს რეპუტაციას და შანსს, რომ ახლო მომავალში მაინც მოიპოვოს რეალური დამოუკიდებლობა. უვადოდ ინიშნებიან მოსამართლეები, რომელთა მიმართ საზოგადოების ნდობა უკიდურესად დაბალია. მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფი, ხელისუფლების მხარდაჭერისა და გატარებული არასწორი პოლიტიკის შედეგად, ახერხებს დაეპატრონოს მართლმსაჯულებას და მოუსპოს მას განვითარების შანსი.
მართლმსაჯულების გადასარჩენად საინიციატივო ჯგუფმა მანიფესტიც გამოაქვეყნა და ხელმოწერების შეგროვება შემდეგი მოთხოვნებით დაიწყო:
„დაუყოვნებლივ გადადგეს მოსამართლის თანამდებობიდან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყველა მოსამართლე წევრი, ასევე თანამდებობიდან გადადგეს საქართველოს პარლამენტის მიერ არჩეული ყველა ის წევრი, რომლებმაც 2018 წლის დეკემბერში მხარი დაუჭირა უზენაეს სასამართლოს მოსამართლეთა სიის წარდგენას საქართველოს პარლამენტში;
დაუყოვნებლივ გადადგენენ მოსამართლის თანამდებობიდან კლანის ლიდერი თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე მიხეილ ჩინჩალაძე და მორჩილი მოსამართლის სიმბოლო – ლევან მურუსიძე.
საქართველოს პარლამენტმა სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციის ფართო ჩართულობით და აუცილებლობის შემთხვევაში საკონსტიტუციო ცვლილებების გზით, შექმნას ისეთი რეგულაციები, პროცედურები და კრიტერიუმები, რომლებიც უზრუნველყოფენ მოსამართლეებად საუკეთესო კანდიდატების შერჩევას.
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატების შერჩევა და წარდგენა მოხდეს მხოლოდ და მხოლოდ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობის განახლების, მოსამართლეთა შერჩევის გამართული და დემოკრატიულ საზოგადოებაში მისაღები პროცედურებისა და კრიტერიუმების გაწერის შემდეგ“,_წერია მანიფესტში.