წლებია, რაც ლანჩხუთში თავისუფლების ქუჩის #1 ჩიხის მაცხოვრებლები ადგილობრივი ხელისუფლებისგან ქუჩის მოწესრიგებას ითხოვენ, თუმცა, როგორც თავად ამბობენ, უშედეგოდ.
„რვა წელია, რაც ამ ჩიხის მოსახლეობა ვითხოვთ გზის მოკლე მონაკვეთის დაგებას, რომლის სიგრძეც, სულ რაღაც, 100 მეტრი თუ იქნება. თან არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს ჩიხი ქალაქის ცენტრალურ ნაწილშია და ამ გზით, გარდა მოსახლეობისა, არაერთი ობიექტი სარგებლობს: რამდენიმე კერძო რესტორანი, ,,საქართველოს ფოსტა“, „სილქნეტი“, ,,საქართველოს ბანკი“, ავეჯის მაღაზია და თეატრი. ხშირად სარგებლობენ ამ ჩიხით. შემოდის მძიმე ტექნიკა, რაც, ბუნებრივია, უფრო მეტად აზიანებს და ანადგურებს ისედაც მძიმე მდგომარეობაში მყოფ ქუჩას. განსაკუთრებით ცუდი მდგომარეობა უამინდობისას იქმნება, სანიაღვრე არხების არარსებობის გამო იტბორება საცხოვრებელი ეზოები“, _ ამბობს თავისუფლების პირველი ჩიხის მოსახლეობა.
მოსახლეობის თქმით, ამ წლების განმავლობაში არაერთხელ დააყენეს მოთხოვნა ადგილობრივი ხელისუფლების წინაშე, თუმცა, დაპირებების იქეთ საქმე წასულა.
„ვისაც კი შეიძლებოდა, ყველას მივმართეთ ადგილობრივ დონეზე, გვქონდა კონკრეტული დასაბუთებული თხოვნა–განცხადებები. სანაცვლოდ, რა თქმა უნდა, იყო დაპირებები, განსაკუთრებით, არჩევნების პერიოდში, მაგრამ ჯერაც არაფერი შეცვლილა ჩვენს ქუჩაზე.
ვფიქრობთ, ეს უყურადღებობა ჩვენი ქუჩის მოსახლეობის სიმცირის გამოა. ისეთ ქუჩებზე ჩატარდა სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომლებიც პერიფერიებად ითვლებოდა, თუმცა, იქ მრავალრიცხოვანი მოსახლეობაა. მივმართავთ მერიას და შევახსენებთ, პირველ რიგში, ქალაქის მოწესრიგება იწყება ცენტრალური ქუჩებით და უბნებით, ხოლო შემდეგ სხვა დანარჩენი. თუ ამჯერადაც არ მოგვაქცევენ ყურადღებას და ჩვენს თხოვნას არ გაითვალისწინებენ, იძულებულები ვიქნებით, მივმართოთ ზემდგომ კომპეტენტურ ორგანოებს, რომ გავარკვიოთ, რა მიზეზით რჩება ყურადღების მიღმა წლების განმავლობაში ქალაქის ცენტრალური უბანი. ასევე, პროტესტის სხვადსხვა ფორმას მივმართავთ, აქცია იქნება ეს თუ სხვა, ცენტრალურ ტელევიზიებს ჩამოვიყვანთ და ქვეყანას ვაჩვენებთ, რა დღეშიც ვართ“, _ ამბობს აქაური მოსახლეობა, რომლებმაც ამჯერადაც შეაგროვა ხელწერები და მუნიციპალიტეტის მერიას ოფიციალური განცხადებით კიდევ ერთხელ მიმართა პრობლემასთან დაკავშირებით.
შევა თუ არა თავისუფლების ქუჩის ეს მონაკვეთი 2019 წლის ინფრასტრუქტურული სამუშაოების ნუსხაში, ჯერჯერობით, უცნობია. როგორც მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურში ამბობენ, ამ ეტაპზე არ არის გადაწყვეტილი, რომელი ქუჩების რეაბილიტაცია მოხდება ქალაქში.
„სად და რა გაკეთდება ქალაქის მასშტაბით ეს რამდენიმე დღეში საკრებულოს სხდომაზე გადაწყდება. ღიმილის მომგვრელია, თითქოს შეგნებულად ფერხდება რომელიმე ქუჩის რეაბილიტაცია. პირიქით, გვინდა ყველა ქუჩა გაკეთებული იყოს, მით უფრო ქალაქის ცენტრალურ მონაკვეთებში“, _ ამბობს ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი ლევან ჩხაიძე.