ქ. თბილისის მერიამ და საკრებულომ „ბავშვთა სამყაროს“ დაზარალებულებთან სააპელაციო სასამართლოში დავა წააგო.
სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც თბილისის მერიას და საკრებულოს დაევალა ,,ბავშვთა სამყაროს“ იმ 32 დაზარალებულისთვის 3000 ლარის გადაცემა ერთჯერადი დახმარების სახით, რომლებსაც ეს თანხა არ მიუღიათ.
როგორც ბავშვთა სამყაროს დაზარალებულების ადვოკატი, მარიკა არევაძე აცხადებს, რომ სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით ის უთანასწორობა და დისკრიმინაციული მიდგომა აღმოიფხვრება, რაც თბილისის მერიამ და საკრებულომ დაზარალებულების მიმართ განახორციელეს.
„ქ. თბილისის მერიისა და საკრებულოს მხრიდან თავის დროზე განხორციელდა არსებითად ერთი და იმავე მდგომარეობაში მყოფი პირების მიმართ განსხვავებული მოპყრობა, რაც დაუშვებელია და ამ გადაწყვეტილებით ეს უთანასწორობა და დისკრიმინაციული მიდგომა აღმოიფხვრება“,_აცხადებს არევაძე.
მისი თქმით, მერიამ და საკრებულომ ზარალის ასანაზღაურებლად თანხა მხოლოდ დაზარალებულთა ნაწილს გადაუხადეს
სასამართლოს გადაწყვეტილებით, მერიასა და საკრებულოს 32 დაზარალებულზე, 3 000 ლარის ოდენობით ერთჯერადი დახმარების გაცემა დაევალა.
საკრებულოს წევრის, ლევან ჟორჟოლიანის განცხადებით, კომპენსაცია დაზარალებულ მოქალაქეებზე თავის დროზე გაიცა, რომლებიც საინიციატივო ჯგუფის მიერ გადაგზავნილ სიაში იყო და სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრებენ.
ცნობისთვის, ბავშვთა სამყაროში ხანძარი 2017 წლის 30 იანვარს, დაახლოებით დილის 5 საათზე გაჩნდა.