აჭარის ტელევიზიის, პოლიტიკურ თოქ-შოუში _ “კვირის მთავარი – ლაშა ზარგინავასთან“ ამერიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი, როს უილსონი იმყოფებოდა. ჟურნალისტის კითხვაზე – რუსეთის პოლიტიკა და ოკუპირებული ტერიტორიები კვლავ რჩება ქვეყნის მთავარ გამოწვევად. ამ ფონზე, როგორ გესახებათ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და ოკუპირებულ ტერიტოერიებზე მცხოვრები ადამიანების მომავალი? _ უოლსონმა უპასუხა:
“უპირველესად ვიტყვი, რომ აშშ-ს პოზიცია ამ საკითხში ძალიან მტკიცეა. აშშ აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, არ ცნობს ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობას, ასევე არ ცნობს სხვა სახელმწიფოს სურვილს, განალაგოს თავისი სამხედრო ძალები ამ ტერიტორიაზე. რა თქმა უნდა, რუსეთმა უნდა გაიყვანოს თავისი ჯარები საქართველოდან, უნდა განახლდეს მოლაპარაკებები ამ საკითხთან დაკავშირებით და საქართველომ აღადგინოს სრული კონტროლი საკუთარ ტერიტორიაზე.
ცხადია, ამ ამბავს თავისი ისტორია აქვს, მაგრამ ვფიქრობ, ქართველი ხალხისათვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ამბავი გადაილახოს. ამის გადააზრება მნიშვნელოვანია მათთვისაც, ვინც აფხაზეთში და სამხრეთ ოსეთში ცხოვრობს, ეს მნიშვნელოვანია რუსეთისთვისაც და ყველასთვის კავკასიის რეგიონში. მათთვის, ვინც ერთად უნდა იცხოვროს, მშვიდობიანად, სტაბილურად და ჰარმონიულად. და ამ კონფლიქტის მოგვარება, ახალი თავის დასაწყისი იქნება საქართველოსა და მთელი რეგიონის ცხოვრებაში“, _ თქვა როს უილსონმა.