„საატესტატო გამოცდების გაუქმების მოტივის შესახებ არანაირი დასაბუთება მოგვისმენია. შთაბეჭდილება მრჩება, რომ ამ ცვლილების მიზანი ამომრჩეველთა გულის მოგებაა. 2020 წელს მასწავლებლები და აბიტურიენტები, ბუნებრივია, ამომრჩევლები იქნებიან, ამიტომ აღნიშნული ცვლილება „ქართული ოცნებისთვის“ მომგებიანი იქნება“,_ აღნიშნა „გურია ნიუსთან“ განათლებისა და მეცნიერების ყოფილმა მინისტრმა გია ნოდიამ.
მისივე თქმით, სასკოლო განათლებაში, არსებული პრობლემების აღმოსაფხვრის მიზნით, საზოგადოებისთვის არაპოპულარული რეფორმები უნდა განხორციელდეს.
“სასკოლო განათლებაში ძალიან ცუდი მდგომარეობა გვაქვს. სისტემაში არსებული პრობლემები რომ აღმოიფხვრას, განათლების დაფინანსება უნდა გაიზარდოს და არაპოპულარული რეფორმები უნდა განხორციელდეს. ჩვენთვის რა არის მნიშვნელოვანი, მოსწავლეები და მასწავლებლები იყვნენ კმაყოფილნი თუ განათლების ხარისხი იყოს იმაზე მაღალი, ვიდრე დღეს არის?! ამ რეფორმით კმაყოფილი ადამიანების მეშვეობით განათლების ხარისხი ვერ გაუმჯობესდება“, _ აღნიშნა ნოდიამ.