“პატრიოტთა ალიანსის” წევრის, დეპუტატ ემზარ კვიციანის თქმით, გამოცდების გაუქმება ერის გამრავლებას შეუწყობს ხელს. ამის შესახებ კვიციანმა პლენარულ სხდომაზე თქვა, სადაც დეპუტატების წინაშე განათლების მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი წარდგა.
„ამ პრეზენტაციიდან მე ყურში მომხვდა ძალიან: „გამოცდებმა დააცარიელეს სკოლები“. სწორად გავიგე არა? ანუ ერის გამრავლებას შეუწყობს ხელს გამოცდების გაუქმება. ისევ მივადექით ყველაზე დიდ პრობლემას, რომელზეც ძალიან ბევრი კითხვა დაისვა აქ. კაციშვილმა არ თქვა მთავარ პრობლემაზე, რასაც ჩვენი გენოფონდის განადგურება ჰქვია.
განადგურებისკენ მივდივართ, ანუ სკოლებში არ გვყოფნის მოსწავლეები. ამასთან დაკავშირებით მაქვს კითხვა, საჭიროა თუ არა სახელმწიფომ მოიფიქროს ისეთი სოციალური პროგრამები, რომლითაც ხელს შეუწყობს ახალი ოჯახების შექმნას და მისცემს მიმართულებას ერს გამრავლებისკენ. ხშირია ოჯახების გამოსახლება საცხოვრისიდან. გუშინ გლდანში გამოასახლეს, ხვალ ნაძალადევში ასახლებენ, რა თქმა უნდა, ამ ოჯახებში მოსწავლეები და ბავშვები ცხოვრობენ, აპირებთ თუ არა ამ ბავშვების უფლებების დაცვას?“ _ განაცხადა კვიციანმა.
მეთერთმეტე და მეთორმეტე კლასელების სკოლაში გამოსაშვები გამოცდები გაუქმდა. 2020 წლიდან ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარება სამ სავალდებულო საგანში იქნება: ქართული ენა და ლიტერატურა, უცხო ენა და მესამე იქნება იმ პროფილის მიმართულებით, რა სპეციალობასაც აბიტურიენტი აირჩევს. კერძოდ, ტექნიკური მიმართულებების შემთხვევაში, აბიტურიენტები ჩააბარებენ მათემატიკას, ხოლო ჰუმანიტარული მიმართულებების შემთხვევაში – ისტორიას.
რაც შეეხება ზოგადი უნარების გამოცდას, მისი ან სხვა პროფილური გამოცდის დამატების უფლება უმაღლესმა სასწავლებლებმა მიიღეს.