6 თებერვალს გამართულ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე, საკრებულოს თავმჯდომარემ, დავით დარჩიამ დეპუტატებს დღის წესრიგით გათვალისწინებული ოთხი საკითხი გააცნო.
საკითხის _ “ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, შემოქმედის ადმინისტრაციულ ერთეულში არსებულ სოფელ გომის საზღვრებში კურორტ გომისმთის მოქცევის შესახებ”, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის მიერ წარმოდგენილი წინადადების მოწონების თაობაზე, _ საკრებულოს წევრმა ლავრენტი ბიგვავამ ისაუბრა.
როგორც ბიგვავამ აღნიშნა, საკითხი კურორტ გომისმთის განვითარების გენერალურ გეგმას ეხება. შემოქმედის საზღვრებში კურორტის მოქცევას აკლდა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დოკუმენტი, რომელიც ამ დროისთვის მზადაა.
_ ჩატარდა მოსახლეობასთან შეხვედრა. თავად მივიღე მონაწილეობა ამაში და შეივსო ხარვეზი. ამჟამად საკრებულოს კომისიამ მოიწონა ეს პროექტი და თანახმაა, მუნიციპალიტეტის მერიას მიეცეს თანხმობა, განახორციელოს შესაბამისი პროცედურები, თვისობრივად ახალი დასახლების შესაქმნელად, ანუ კურორტი გომის მთა მოექცეს შემოქმედის საზღვრებში.
საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი ღურჯუმელიძემ გამოთქვა მოსაზრება, რომ შესაძლებელი იქნება სერიოზული ინვესტიციების მოზიდვა.
“ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატი ბესო ქათამაძე არ დაეთანხმა მოსაზრებას და დასვა კითხვა _ რა სარგებლობას მიიღებს მუნიციპალიტეტი, როცა გომისმთა შეუერთდება შემოქმედს:
_ ინვესტიცია შემოვაო და აქამდე რა უშლიდა ხელს ინვესტიციის შემოსვლას? _ იკითხა ქათამაძემ.
გიორგი ღურჯუმელიძემ განმარტება გააკეთა:
_ ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი განსაზღვრავს, რომ განაშენიანების რეგულაციების გეგმა შეიძლება დამტკიცებული იქნეს მუნიციპალიტეტის დასახლებული ტერიტორიისთვის, რომელიც განისაზღვრება დაბად ან სოფლად, გომისმთას კი არც ერთი სტატუსი არ გააჩნია. ამითაა განპირობებული გომის მთის შემოქმედის ადმინისტრაციულ საზღვრებში შემოყვანა, რადგან იქ ცალკე არ არის რეგისტრირებული მოსახლეობა. პერსპექტივაში კი შეიძლება ამაზე საუბარი. აუთვისებელი ტერიტორიის გენერალური გეგმაა. მოსახლეობასთან შეხვედრა მოხდა და მიღწეულია შეთანხმება. ძალზე მარტივადაა ყველაფერი.
ლავრენტი ბიგვავას განმარტებით, “რა სარგებლობაც მოაქვს ახლა ურეკს, იმავე სარგებლობას მოიტანს გომისმთაც, თორემ სამ წელში რომ არ აშენდება ეს კურორტი, ეს ყველამ იცის”.
საკრებულოს დეპუტატებმა მოიწონეს საკითხი, რომელიც გაეგზავნა მუნიციპალიტეტის მერიას რეაგირებისთვის.
საკრებულოს სხდომაზე განათლებისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ, დეპუტატმა ლელა საჯაიამ წარმოადგინა საკითხი, სოფელ ლიხაურიდან შემოსული ელექტრონული პეტიციის შესახებ, სოფელში შშმ პირთათვის ადაპტირებული გარემოს შესაქმნელად:
_ 5 დეკემბერს ლიხაურის მცხოვრებლებმა წარმოადგინეს ელექტრონული პეტიცია. ისინი ითხოვენ შშმ პირთათვის ადაპტირებული გარემოს შექმნას. სოფლის ადმინისტრაციულ შენობაში განზრახული აქვთ ორი ოთახის გარემონტება და ადაპტირებული გარემოს შექმნა. ეს არის უპრეცედენტო შემთხვევა, როცა მოქალაქეები თანასოფლელების დახმარებას ითხოვენ. ამ ეტაპზე მსგავსი ინიციატივა სხვა სოფლებიდან არ წამოსულა. ამიტომაა საჭირო თქვენი დახმარება. შშმ პირები დღემდე ქველმოქმედების ობიექტებად რჩებიან და ეს ასე არ უნდა იყოს. ისინი უნდა გამოვიყვანოთ ერთფეროვნებიდან, განვითარდეს მათი უნარები და დამკვიდრდნენ სოციუმში.
ამ საკითხის თაობაზე კომისიის დასკვნა დადებითია. სოფელში, ასევე, თავს მოიყრიან ახალგაზრდები, შეკრების საშუალება ექნებათ, წარმოადგენენ ახალ ინიციატივებს, _ თქვა მან და დააკონკრეტა, ასევე, ის ფაქტი, რომ ლიხაური, თვითონ სოფელი უპრეცედენტოა ელექტრონული პეტიციების შემოტანის მხრივ. მოკლე ხანში რვიდან ხუთი პეტიცია სოფელ ლიხაურიდან შემოვიდა საკრებულოში.
დეპუტატებმა საკითხს კენჭი დადებითად უყარეს.