დღეს დილით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დვაბზუში, ასფალტ-ბეტონის ქარხანამ მუშაობა განაახლა. ქარხნის დირექტორი, ზაზა ცხოიძე „გურია ნიუსთან“ აცხადებს, რომ ეს აუცილებელი იყო, რადგან გზების დაგებისა და რეაბილიტაციის პროცესი ვერ შეჩერდება.
_ ამ დილიდან ქარხანა მუშაობას განაახლებს, რადგან სოფელ ჭანიეთთან, ასევე, სხვაგან დასასრულებელია საგზაო სამუშაოები. ამინდები კარგია და მშენებლობა უნდა გაგრძელდეს, _ თქვა მან.
როგორც „გურია ნიუსი“ ახლახან წერდა, სოფელ დვაბზუს მოსახლეობის ნაწილმა საპროტესტო აქცია გამართა აღნიშნული ქარხნის მუშაობის გამო და მოითხოვეს, ქარხანამ მუშაობა შეწყვიტოს ან განაახლოს მხოლოდ შესაბამისი კომისიის დასკვნის მიღების შემდეგ. პროტესტის შინაარსი გამოიხატებოდა ხმაურის, მდინარის და ჰაერის დაბინძურების გამო, რასაც ქარხნის ხელმძღვანელები არ ეთანხმებიან.
ქარხნის დირექტორი, ზაზა ცხოიძე კვლავ ადასტურებს მზადყოფნას, მაღალი კვალიფიკაციის ექსპერტიზის ბიურომ შეისწავლოს წამოყენებული მოთხოვნები და თუ დადასტურდება რომელიმე ბრალდება, მზად არიან, გატარდეს შესაბამისი ღონისძიებები.